„ფეხბურთელები ახლა უფრო კონცენტრირებულები იქნებიან“ - ცეცაძე უკრაინასთან მარცხზე
გამოცდილმა სპეციალისტმა, გია ცეცაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „სპორტი იმედზე“-ში სტუმრობისას უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი შეაფასა.
რა თქვა ცეცაძემ:
„რა თქმა უნდა, წაგება უარყოფითი შედეგია, რომელიც ყველას ძალიან გვეწყინა. წვრილმან ნიუანსებში არ უნდა ჩავიდეთ, იმიტომ რომ ცივი გონებით რომ შევაფასო, თამაში თანაბარი იყო. მათ შეძლეს მიღებული შანსის გამოყენება, ჩვენ კი ვერ მოვახერხეთ. სტატისტიკურად რომ დავთვალოთ, ჩვენ უფრო მეტი გვქონდა. საქართველოს ნაკრების სხვა თამაშებიც მინახავს, სადაც მეტოქის მხრიდან აშკარა უპირატესობა იყო, ამ თამაშში კი ასე ნამდვილად არ ყოფილა, პირიქით, გოლის შემდეგ დომინანტები ჩვენ ვიყავით. აშკარად ჩანდა, რომ დებიუტში თამაშში ჩართვა გაგვიჭირდა და ეს თავად ვილი სანიოლმაც აღნიშნა. ბევრი ნიუანსი იყო, ბუცების გამოცვლა, შუქის ჩაქრობა, ფეხებში ჩარტყმა... მთავარია, რომ ჩვენმა ნაკრებმა თავისი სახე აჩვენა და სახე დაკარგული არ არის“.
„გიჟი უნდა იყო, რომ თამაშის წაგება გიხაროდეს, მაგრამ ამ სიტუაციაში ეს გადამწყვეტი თამაში არ იყო და მოხდა ისე, რომ მოგვიგეს სხვადასხვა მიზეზების გამო. ვფიქრობ, რომ ჩვენმა გუნდმა ისე გაგვახარა და გაგვანებივრა ამ წარმატებით, რომ ახლა სხვანაირად აღვიქვამთ. რაც მატჩის შემდეგ ვილი სანიოლმა თქვა, ყველაფერში ვეთანხმები. რაღაც მომენტში, შესაძლოა სასურველიც იყო, რადგან ფეხბურთელები ახლა უფრო კონცენტრირებულები იქნებიან. კატასტროფა ნამდვილად არ მომხდარა“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველად დამარცხდა. ვილი სანიოლის გუნდმა უკრაინასთან გასვლითი მატჩი 1:0 დათმო. ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე მიხაილო მუდრიკმა გაიტანა.
2 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები სატურნირო ცხრილში 6 ქულით კვლავ პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან ჩეხეთს, რომელსაც ასევე 6 ქულა აქვს, ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უკეთესი შედეგის გამო უსწრებს. 14 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.