ხშირად ასეთ მატჩებში 1 მომენტია გადამწყვეტი - სილვინიოს პრესკონფერენცია
ალბანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ საქართველოსთან მატჩის წინ „მიხეილ მესხზე’’ პრესკონფერენცია გამართა. მასთან ერთად პრესკონფერენციას „ემპოლის’’ მცველი არდიან ისმაილი ესწრებოდა. ისმაილმა პრესკონფერენცია მის თანაგუნდელზე, საბა გოგლიჩიძეზე საუბრით დაიწყო.
არდიან ისმაილი: „საბა 1 წელია ჩვენთან ერთადაა, მას საოცარი ფიზიკური მონაცემები და ძალიან დიდი მომავალი აქვს. ფიზიკურად და ტექნიკურად კარგად მომზადებულია, ამ სეზონში „ემპოლის’’ სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა.
საქართველოს ნაკრები კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და კარგი ხარისხის ფეხბურთს აჩვენებს. ალბანეთში საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა, მათი ფორმაცია შესანიშნავად მოქმედებდა. ვეცდებით, ხვალ განსხვავებული თამაში ვაჩვენოთ და ჩვენი ამოცანები მაქსიმალურად კარგად შევასრულოთ’’.
ისმაილს გასულ თვეში ტირანაში მომხდარ ძალიან არასასიამოვნო ფაქტზე ჰკითხეს, როცა საქართველოს ნაკრების ჰიმნის დროს ქომაგებმა სტვენა დაიწყეს. ამ თემაზე ისმაილმა განაცხადა: „ჩვენ პროფესიონალი ფეხბურთელები ვართ და თამაშის მიღმა რაც ხდება, ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას’’.
სილვინიო: „ეს თანაბარი ჯგუფია. ტირანაშიც თანაბარი თამაში გამოვიდა. ვილი სანიოლის გუნდი ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთს თამაშობს, ნიჭიერი მოთამაშებითაა მისი გუნდი დაკომპლექტებული. ვილი სანიოლის შერჩეულ შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. ვფიქრობ, თანაბარი თამაში გველის. ასე იყო პოლონეთშიც, საქართველო ცუდად არ გამოიყურებოდა. როგორც ხდება ასეთ შეხვედრებში, ხშირად 1 მომენტია გადამწყვეტი, ხვალაც თანაბარი მატჩის მოლოდინი მაქვს’’.
ჯგუფში 3 ტურის შემდეგ საქართველოსა და ჩეხეთის აქტივში 6-6 ქულაა, ალბანეთმა და უკრაინამ 3-3 ქულა დააგროვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგაზე მომდევნო მატჩს „მიხეილ მესხზე’’ ალბანეთთან გამართავს. თამაში 14 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება.