ღირებულებები და პროფესიონალიზმი უნდა შევინარჩუნოთ - სანიოლის პრესკონფერენცია
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ალბანეთთან მატჩის წინ მედიასთან ისაუბრა. მასთან ერთად პრესკონფერენციას ლაშა დვალი ესწრებოდა.
ვილი სანიოლი:„თამაში უკრაინასთანაც ცუდად დავიწყეთ, როგორც ჩეხეთთან. იმედი მაქვს, ალბანეთთან განსხვავებული თამაში იქნება.
უკრაინასთან მარცხენა ფლანგზე გარკვეული პრობლემები გვქონდა, თუმცა ეს მხოლოდ ლოჩოშვილს არ ეხება. ლოჩოშვილი ჩეხეთთან ძალიან კარგი იყო.
რაც შეეხება ოთარ კიტეიშვილს, ის ჯანმრთელადაა და თამაშისთვის მზადაა.
ფეხბურთელის გამოძახებისას არამარტო მის სათამაშო ხარისხს ვითვალისწინებთ, არამედ რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი, მათ შორის ტაქტიკურ სქემას რამდენად კარგად ერგება. საბა ლობჟანიძის არგამოძახების ერთ-ერთი მიზეზი მანძილია. ასევე, მისთვის ამ სისტემაში თამაში რთულია. მე შეზღუდული ვარ, თითოეული თამაშისთვის 23 ფეხბურთელი უნდა გამოვიძახო, ამ ეტაპზე საბამ ადგილი ვერ მოიპოვა.
ქოჩორაშვილის შემცვლელი შევარჩიე, ეს გადაწყვეტილი მაქვს, თუმცა ამას ჯერ არ გეტყვით.
უკრაინასთან გვქონდა იმის შანსი, რომ შეხვედრა არ დაგვეთმო, ამასთან ახლოს ვიყავით. ამიტომ, ტაქტიკურ ცვლილებებს არ ვგეგმავ.
უკრაინასთან მატჩის შემდეგ ენერგიის აღდგენის პროცესი კარგად წარიმართა. ასეთ ვითარებებში დრო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ვიდრე აღდგენის ხარისხი. ფედერაციამ მაქსიმალურად შეგვიწყო ხელი აღდგენის პროცესში.
უკრაინასთან მატჩის შემდეგ გამოფხიზლებაში ის ვიგულისხმე, რომ ჩვენ ისევ ის გუნდი ვართ, რომელიც ბოლო პერიოდში ვიყავით. ბოლოდროინდელი წარმატებები, მათ შორის ევრო 2024-ზე გამოსვლა, შემთხვევითი არ იყო, არამედ შრომისა და იმ ღირებულებების შედეგია, რომელიც ჩვენ დავნერგეთ. ჩვენ კვლავ შეგვიძლია ისეთი გუნდის დამარცხება, როგორიც უკრაინაა. აუცილებელია, ჩვენი ღირებულებები შევინარჩუნოთ და საქმეს პროფესიონალურად მივუდგეთ''.
ლაშა დვალი: „შესაძლოა, უკრაინელები უკეთ მოემზადენ ასეთ მინდორზე თამაშისთვის. არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ისინიც სრიალებდნენ. ხვალ „მიხეილ მესხზე’’ კარგ საფარზე ვითამაშებთ და მჯერა, რომ შეგვიძლია ქომაგები გავახაროთ.
რაც შეეხება ალბანელი ქომაგების ქცევას ტირანაში, როცა მათ ჰიმნის დროს დაგვისტვინეს... ქართველ ქომაგებს მოვუწოდები, რომ იგივე არ გააკეთონ, არამედ მაქსიმალურად გვიგულშემატკივრონ''.
ჯგუფში 3 ტურის შემდეგ საქართველოსა და ჩეხეთის აქტივში 6-6 ქულაა, ალბანეთმა და უკრაინამ 3-3 ქულა დააგროვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგაზე მომდევნო მატჩს „მიხეილ მესხზე’’ ალბანეთთან გამართავს. თამაში 14 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება.