კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

100 გამარჯვება ეროვნულ ნაკრებში - რონალდუს რეკორდი და ბრწყინვალე სტატისტიკა

ერთა ლიგის მიმდინარე წლის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებმა პოლონეთს  ვარშავაში მოუგო (1:3). ამ მატჩში პორტუგალიელთაგან მეორე გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა. ეს მისი 133-ე გოლია ეროვნულ ნაკრებში და ამ სტატისტიკით ლიონელ მესის საგრძნობლად უსწრებს, არგენტინელის აქტივში სანაკრებო დონეზე 109 გოლია. ასევე, რონალდუს სანაკრებო კარიერაში 178 საგოლე მოქმედება აქვს.

რონალდუ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ეროვნულ ნაკრებთან ერთად 100 ოფიციალური მატჩი მოიგო.

კრიშტიანუმ პოლონელებთან კარიერაში 906-ე გოლი გაიტანა. ამ სეზონში საკლუბო და სანაკრებო მატჩების გათვალისწინებით 12 შეხვედრაში მის აქტივში 11 გოლია. ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში სამ მატჩში ითამაშა და ყველა შეხვედრაში გოლი გაიტანა. ამ სეზონში „ალ-ნასრში'' 9 შეხვედრაში 8 გოლი შეაგდო.

მიუხედავად ასეთი შედეგიანობისა, რონალდუს სამშობლოში აკრიტიკებენ. ბევრი ფიქრობს, რომ მას სანაკრებო კარიერა უკვე უნდა დაესრულებინა და გზა ახალი თაობისთვის დაეთმო. პორტუგალიელმა ჟურნალისტმა ტომაშ და კუნიამ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა: „პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს თავისუფლად შეეძლოთ ყატარულ მუნდიალთან ერთად ნაკრებში კრიშტიანუს ისტორიაც დაესრულებინათ, მაგრამ მარტინესი დანიშნეს მთავარ მწვრთნელად და ამ ყველაფერმა მომავლისთვის გადაიწია. საერთო არ ვცდილობ რონალდუსა და მისი ბრენდის დაკნინებას, მაგრამ სანამ ის სანაკრებო კარიერის დასრულებაზე უარს ამბობს, ჩვენ ქვეყანაში უამრავმა თაობამ ჩაიარა, ოქროს ბიჭებმა, რომლებიც კრიშტიანუს გამო ეროვნულ გუნდში მუდამ შებოჭილები თამაშობენ''.

რაც შეეხება კრიშტიანუს ასაკს, რონალდუ 39 წლისაა, 5 თებერვალს 40 წლის გახდება.

მსგავსი სიახლეები