გიორგი მიქაძე
Aa
Aa

გიორგი მიქაძე: „უკრაინელებმა ვერაფერში ვერ გვაჯობეს“

პოლონეთის ქალაქ პოზნანში გამართული უკრაინა-საქართველოს მატჩის შეფასება პროფესიონალების მხრიდან მუდამ საინტერესო მოსასმენია და ერთ-ერთი მათგანი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მწვრთნელი გიორგი მიქაძეა. წყალტუბოს „სამგურალის“, „თელავისა“ და თბილისის „იბერიას“ ყოფილმა დამრიგებელმა ეროვნული ნაკრების ასპარეზობა საინტერესოდ შეაფასა.

გიორგი მიქაძე

თამაშის დასაწყისშივე, პოზნანის მოედნის საფარი რომ დავინახე, გულმა ცუდი მიგრძნო. ასეთ მინდორზე თამაშის დროს სოლიდურ უპირატესობას იღებს უფრო ათლეტური გუნდი, ტექნიკური ფეხბურთის მქადაგებელი ნაკრები კი აშკარად იჩაგრება.

მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ უკრაინელებმა ვერაფერში ვერ გვაჯობეს. არ მგონია, ამ მარცხის გამო ბიჭებს ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნათ, რადგან თამაშის შემდეგ თითოეულმა მათგანმა სწორი და ობიექტური კომენტარები გააკეთა.

ჩეხეთის ნაკრები ქულებით გაგვითანაბრდა, მაგრამ ჯგუფის მოგების მთავარი ფავორიტი მაინც საქართველოს ნაკრებია და ორშაბათს ალბანელების დამარცხების შემთხვევაში, ჩვენი უპირატესობა კიდევ უფრო განმტკიცდება. ერთადერთი, რაც ძალიან ცუდია, გიორგი ქოჩორაშვილის დისკვალიფიკაცია გახლავთ, რომელიც ნახევარდაცვაში საკვანძო ფიგურაა, თუმცა მჯერა, რომ ვილი სანიოლი შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს მოძებნის.

ვის გამოვარჩევდით საქართველოს ნაკრების რიგებში? გიორგი ჩაკვეტაძეს ბურთი საოცრად ამოჰქონდა შეტევაში და ზონიდან ზონაში ძალიან მაგარ პასებს აკეთებდა. მისი პროგრესი და დაბრუნება უზომოდ მახარებს, რადგან გონიერი და ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც ინგლისში გადასვლის შემდეგ კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა და ერთ ზედმეტ მოძრაობასაც კი აღარ აკეთებს.

რა არ მომეწონა? მცირე პრობლემა დავინახე იმაში, რომ წინა თამაშებთან შედარებით, განაპირა მცველები იერიშებში აქტიურად ვერ ერთვებოდნენ, რამაც ჩვენი შემტევი პოტენციალი ბუნებრივია დაასუსტა.

სამწვრთნელო საქმიანობის განახლების დიდი სურვილი რა თქმა უნდა მაქვს და როგორცკი რაიმე კონკრეტული წინადადება გამოჩნდება, აუცილებლად განვიხილავ.

როგორც უკვე მოგახსენეთ, მიქაძე ბოლო წლებში Crystalbet ეროვნული ლიგის რამდენიმე კლუბში მუშაობდა და ყველაზე დიდ წარმატებას „იბერიაში“ მიაღწია, რომელსაც საქართველოს თასი მოაგებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ორივე შეხვედრაში მაინც გამორჩეული იყო“ - გიორგი მიქაძის მოსაზრება
„კვარა ორივე შეხვედრაში მაინც გამორჩეული იყო“ - გიორგი მიქაძის მოსაზრება