„ეს ყველაზე ძლიერი ფორმაციის საქართველოს ნაკრებია“ - ჩელებაძე უკრაინასთან მატჩზე
ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი რევაზ ჩელებაძე ქართულ ფეხბურთში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან საკმაოდ ხშირად საუბრობს და გამონაკლისი შემთხვევა ამჯერადაც არ ყოფილა. თბილისის „დინამოს“ ყოფილ ფორვარდს უკრაინის ნაკრებთან (0:1) წაგებული მატჩის შემდეგ დაუკავშირდნენ და მისგან საკმაოდ საინტერესო შეფასებები მოისმინეს.
რა თქვა ჩელებაძემ
სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ისტორიაში ეს ყველაზე ძლიერი ფორმაციის საქართველოს ნაკრებია. გიორგი მამარდაშვილის, ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის სახით სამი ვარსკვლავი გვყავს, რომელთაც თანაგუნდელები მხარს კარგად უბამენ. სწორედ მათი წყალობით, საქართველოს ნაკრები სულ სხვა დონეზე გავიდა.
უმაღლესი კლასის შემსრულებლების გარეშე თანამედროვე ფეხბურთში ამა თუ იმ მატჩის მოგება შეუძლებელია, რაც უკრაინა-საქართველოს შეხვედრაშიც კარგად გამოჩნდა, როდესაც მასპინძლებმა მიხაილო მუდრიკის უმაღლესი საშემსრულებლო ოსტატობის ხარჯზე გაიმარჯვეს. ფეხბურთი ასეთია - ხან მოიგებ, ხან წააგებ. რამდენიმე დღის წინ საბერძნეთმა ინგლისი ლონდონში დაამარცხა და ასეთი შემთხვევები სპორტის ნომერ პირველ სახეობას კიდევ უფრო საინტერესო ხდის.
მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგაც რევაზ ჩელებაძე ფეხბურთში საკმაოდ აქტიურად არის ჩართული, მის მშობლიურ ქობულეთში არსებული საფეხბურთო სტადიონი კი „ჩელე არენას“ სახელწოდებას ატარებს.