ოლექსანდრ კუჩერი
Aa
Aa

„ბათუმში კიდევ უფრო გაგვიჭირდება“ - კუჩერი საქართველოსთან მატჩზე

საქართველოს ნაკრებთან მოპოვებული მინიმალური სხვაობით გამარჯვების შემდეგ, უკრაინის ეროვნული გუნდის თამაშის შეფასებას იქაური მედია წარსულში ცნობილ უკრაინელ ფეხბურთელებს აქტიურად თხოვს. ჩვენთვის კი საინტერესო მხოლოდ ის კომენტარებია, სადაც ვეტერანი მოთამაშეები საქართველოს ეროვნული გუნდისა და ქართველი ფეხბურთელების შესახებ საუბრობენ. ასეთთა კატეგორიას განეკუთვნებოდა 41 წლის ოლექსანდრ კუჩერი, რომელმაც აღიარა, რომ სამი ქულის აღების მიუხედავად, მისი ქვეყნის გუნდს გაუჭირდა და სტუმრებმა სერიოზული პრობლემები შეუქმნეს.

რა თქვა კუჩერმა

საქართველოს ნაკრები არაჩვეულებრივი გუნდია, რომელსაც ერთა ლიგის სექტემბრის მატჩებში 6 ქულა ჰქონდა აღებული, რის გამოც თავიდანვე ცხადი იყო, რომ წინ ურთულესი შეხვედრა გველოდა. თუ მათ შემადგენლობას გადახედავთ, დარწმუნდებით, რომ ქართველი ფეხბურთელების უმრავლესობა ევროპულ კლუბებში თამაშობს. ისინი ტექნიკურები, სწრაფები და კრეატიულები არიან, რის გამოც საჭიროების შემთხვევაში თავისუფალ სივრცეებს მაქსიმალურად კარგად იყენებენ.

რაც შეეხება უკრაინის ეროვნულ გუნდს, მე დღეს ვნახე ფეხბურთელები, რომელთაც გამარჯვების დიდი სურვილი ჰქონდათ, რაც ძალიან მახარებს. მიუხედავად უდიდესი საკადრო პრობლემებისა, მოთამაშეებმა საოცარი მებრძოლი სული გამოავლინეს. თუმცა, აქედანვე უნდა ვიცოდეთ, რომ სტუმრად ქართველებთან კიდევ უფრო რთული დაპირისპირება გვექნება და ნოემბერში ბათუმში ქულების დაგროვება ძალიან გაგვიჭირდება.

ოლექსანდრ კუჩერს, რომელიც ამპლუით მცველი გახლდათ, 2006-2017 წლებში უკრაინის ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 57 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კი, მწვრთნელობა დაიწყო და სხვადასხვა დროს ხარკოვის „მეტალისტსა“ და „დნიპრო 1“-ს ავარჯიშებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მუდრიკი საოცარი იყო“ - უკრაინელები ლიდერს აქებენ
„მუდრიკი საოცარი იყო“ - უკრაინელები ლიდერს აქებენ