„მუდრიკი საოცარი იყო“ - უკრაინელები ლიდერს აქებენ
ჯგუფის ლიდერ საქართველოს ეროვნულ გუნდთან მოპოვებულმა გამარჯვებამ და წარუმატებელი სერიის დასრულებამ უკრაინულ სპორტულ მედიაში იმხელა სიხარული გამოიწვია, რომ ეროვნულ გუნდში სულ რაღაც მე-3 გოლის გამტან მიხაილო მუდრიკზე კომპლიმენტებს არავინ იშურებს და თვლიან რომ ის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირობისთვის იბრძოლებს. დაიწერა, რომ „ჩელსის“ უკრაინელი ლეგიონერი ეროვნულ გუნდში გატანილი ბურთების რაოდენობით არტიომ ბესედინს (119 მატჩი, 3 გოლი), დენის გარმაშს (31 მატჩი, 3 გოლი), არტიომ ფედეცკის (53 მატჩი, 3 გოლი) და ნიკოლაი შაპარენკოს (30 მატჩი, 3 გოლი) გაუთანაბრდა.
მუდრიკის დებიუტი უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში 2022 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ პლეი ოფში შოტლანდიელებთან შედგა და მას შემდეგ სპარინგებსაც თუ მივიღებთ მხედველობაში, 29 შეხვედრაში მის ანგარიშზე 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. მიუხედავად იმისა, რომ საკლუბო ფეხბურთის მსგავსად, სანაკრებოშიც მაღალი შედეგიანობით არ გამოირჩევა, უკრაინელი ჟურნალისტები თვლიან, რომ ქართველების კარში გატანილი ეფექტური გოლი მას კიდევ უფრო პროგრესირებაში დაეხმარება.
მუდრიკის მიერ 29 შეხვედრაში გატანილი 3 გოლისა და შესრულებული 4 საგოლე გადაცემის საპირწონედ გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე, რომელსაც გუშინდელი გამარჯვების შემდეგ „ჩელსის“ უკრაინელ შემტევს ბევრი იქაური ჟურნალისტი თუ ფეხბურთელი ადარებდა, საქართველოს ნაკრებში 37 მატჩში 17 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.