კაშია: „ეს მარცხი ჩვენი გზის ნაწილია“
პოზნანში განცდილი მარცხის მიუხედავად, უკრაინასთან (0:1) გამართული შეხვედრა გურამ კაშიასთვის მაინც დასამახსოვრებელი გახლდათ, რადგან საქართველოს ეროვნული გუნდის 37 წლის კაპიტანმა 120-ე სანაკრებო მატჩი ჩაატარა. ბუნებრივია, არბიტრის საფინალო სასტვენის შემდეგ, გურამის და მისი თანაგუნდელების კომენტარების მოსმენა ქართულის მსგავსად, უკრაინული მედიისთვისაც საინტერესო გახლდათ და გამოცდილმა მცველმა როგორც ყოველთვის ამჯერადაც სწორი და თანმიმდევრული პოზიცია დააფიქსირა.
რა თქვა კაშიამ
მატჩის ბედი ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა და ჩვენ გოლის გატანის გაცილებით კარგი შესაძლებლობები გვქონდა, ვიდრე მეტოქეს, თუმცა სამწუხაროდ მათი რეალიზება ვერ შევძელით.
ორივე გუნდს ურთულეს პირობებში მოუწია ასპარეზობა და სამწუხაროდ, ქულების დაგროვება ვეღარ შევძელით. წინა ორ ტურში, როდესაც გავიმარჯვეთ, გაცილებით კარგ მოედანზე გვიწევდა ასპარეზობა.
ამ მარცხისგან ტრაგედიის შექმნა არ ღირს. ახლა მთავარია ძალები რაც შეიძლება მალე აღვიდგინოთ და მომდევნო ტურში გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. ეს მარცხიც ჩვენი საოცარი თავგადასავალის ნაწილია, რომლისგანაც სათანადო დასკვნებს გავაკეთებთ.
კაშია და მისი თანაგუნდელები საქართველოს დედაქალაქში დღეს დაბრუნდებიან და მეოთხე ტურისთვის შეუდგებიან მზადებას, რომელშიც „მიხეილ მესხის“ სტადიონზე ალბანეთის ნაკრებს უმასპინძლებენ და მატჩი 14 ოქტომბერს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.