ასეთ მოედანზე ტექნიკური გუნდი განწირულია - მერებაშვილი მარცხის მიზეზებზე
უკრაინა - საქართველოს მატჩის მსვლელობისას, თვალში შესამჩნევი გახლდათ მოედნის საფარის საშინელი მდგომარეობა, რასაც თამაშის დასრულების შემდეგ ხაზს როგორც თამაშის მონაწილეები, ასევე გულშემატკივრები უსვამდნენ. ასეთივე აზრზე გახლდათ ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი, რომელიც ახლაც პოლონეთში ცხოვრობს და ამ არენაზე არაერთხელ უთამაშია. Crystalsport-თან საუბრისას, მერებამ ნაკრების მარცხის მიზეზებსა და მომდევნო თამაშების შანსებზე ისაუბრა.
გიორგი მერებაშვილი
სამწუხაროა, რომ წავაგეთ და მიმდინარე ჯგუფურ ეტაპზე პირველი მარცხი განვიცადეთ, თუმცა ჯერ წინ არის მთავარი ბრძოლები და დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭები გაცილებით უკეთესად წარმოაჩენენ თავს მომდევნო ტურებში და სასურველ შედეგსაც მიაღწევენ.
ერთ-ერთი მიზეზი და ალბათ ყველაზე მთავარი მიზეზი ამ მარცხის გახლავთ ის, რომ საშინელ მინდორზე მოუწიათ ბიჭებს თამაში. როდესაც უკვე დადგინდა, რომ უკრაინელებთან პოლონეთში, კერძოდ კი „ლეხის“ საშინაო არენაზე მოგვიწევდა ასპარეზობა, მაშინვე ვთქვი, რომ ძალიან ცუდი მოედნის საფარია, განსაკუთრებით წელიწადის ამ დროს. ზაფხულში შედარებით კარგია, მაგრამ შემოდგომაზე საშინელებაა. თქვენ წარმოიდგინეთ ეს კიდევ კარგი ვერსია იყო, თორემ ოქტომბრში პოზნანის სტადიონი გაცილებით ცუდ დღეშია ხოლმე.
საქართველოს ნაკრები ტექნიკურ, შემტევ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას და როდესაც ასეთ პირობებში გიწევს თამაში, საკუთარი შესაძლებლობების ნახევარსაც ვერ ავლენ. არაერთხელ მომიწია ამ სტადიონზე გამოსვლა და მერწმუნეთ, გარედან დანახული კიდევ სხვაა და ის ფეხბურთელი, რომელიც უშუალოდ მოედანზე მისთვის კიდევ უფრო რთულია. თანაც, გოლი პირველებმა გავუშვით და როდესაც შესატევი აქვს, ტექნიკური გუნდი ასეთ საფარზე პრაქტიკულად განწირულია.
გიორგი მერებაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამართული 32 მატჩიდან ძირითად შემადგენლობაში 12 შეხვედრა დაიწყო, 20 შემთხვევაში ცვლილებაზე შევიდა და თავი 2 გოლით გამოიჩინა.