საქართველოს ნაკრები, ვილი სანიოლი
Aa
Aa

„პირველი 30 წუთი კატასტროფა იყო“ - ვილი სანიოლი

ერთა ლიგაზე უკრაინის წინააღმდეგ მინიმალური ანგარიშით წაგებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და თავისი გუნდის თამაში შეაფასა.

რა თქვა სანიოლმა:

„პირველი 30 წუთი კატასტროფა იყო, არანაირი ინტენსივობა და აგრესიულობა. პირველ ტაიმში უკრაინელები აგრესიულად თამაშობდნენ და დამსახურებულად გავიდნენ წინ, თუმცა, ვფიქრობ, საერთო ჯამში ჩვენ უფრო მეტი შანსი გვქონდა. ამიტომ ეს შედეგი იმედგამაცრუებელია. როდესაც მატჩს ისე იწყებ, როგორც ჩვენ დავიწყეთ, მარცხი სრულიად მოსალოდნელია. ამან ფეხბურთელები უნდა გამოაღვიძოს. ბოლო 8-10 თვე ძალიან კარგად ვთამაშობდით და უნდა ვიცოდეთ, რომ იოლი მატჩები არ არსებობს. თუ შედეგის მიღწევა გინდა, ყველა მატჩს ისე უნდა მიუდგე, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანს.

მოტივაციის პრობლემა არ ყოფილა. ჩვენ ჯერ კიდევ ისეთი გუნდი ვართ, რომელსაც გაუმჯობესება სურს. ხანდახან უნდა გადააწყდე სირთულეებს, რათა უკეთესი გახდე. დღეს რთული მატჩი გვქონდა, მაგრამ დროის ორი მესამედის განმავლობაში ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით და მეტოქეზე უკეთესად გამოვიყურებოდით. რეაქცია პოზიტიური იყო, მაგრამ თუ გახსოვთ, ჩეხეთთან მატჩშიც პირველი 15-20 წუთი კარგი არ ყოფილა და უნდა ვიპოვოთ ამის მიზეზი. ხანდახან მატჩების დასაწყისში პრობლემები გვაქვს. ხანდახან რაღაც უნდა მოხდეს, რათა ფეხბურთელებმა გაიღვიძონ. დღეს ეს უკრაინის გოლის შემდეგ მოხდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. რაღაც მხრივ, ეს საინტერესოც კია.

ჩვენ არ ვართ გერმანია, ესპანეთი და ა.შ. ბოლო წელიწადში ჩვენ გამოგვარჩევდა გუნდური სულისკვეთება, ყველა ფეხბურთელს სურდა გუნდისთვის ბრძოლა, დღეს კი პირველი 30 წუთის განმავლობაში ეს ასე არ იყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მესამე ტურში პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკრაინას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე მიხაილო მუდრიკმა გაიტანა.

ამრიგად, 3 ტურის შემდეგ, საქართველო 6 ქულით პირველ ადგილს ინარჩუნებს. პარალელურად გამართულ მატჩში ჩეხეთმა ალბანეთს დამაჯერებლად მოუგო და მეორე პოზიციაზეა - ასევე 6 ქულა. ალბანეთსა და უკრაინას კი 3-3 ქულა აქვთ.

აქვე გეტყვით, რომ მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები შინ ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო უკრაინა ვროცლავში ჩეხეთს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი პოლონეთში | უკრაინამ საქართველოს მინიმალური ანგარიშით მოუგო
მარცხი პოლონეთში | უკრაინამ საქართველოს მინიმალური ანგარიშით მოუგო