მარცხი პოლონეთში | უკრაინამ საქართველოს მინიმალური ანგარიშით მოუგო
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის წლევანდელი გათამაშების მესამე შეხვედრა პოლონეთში გამართა და უკრაინას დაუპირისპირდა. ვილი სანიოლის გუნდმა ქულები პირველად დაკარგა და „ლურჯ-ყვითლებთან“ დამარცხდა - 0:1.
მატჩის სტარტი მძიმე გამოვიდა. მინდვრის საფარი სათანადო კონდიციებში არ იყო და პრობლემები განათებასაც შეექმნა. სტადიონზე შუქი რამდენიმე წუთით ჩაქრა და შეხვედრის მთავარ არბიტრს მატჩის შეჩერება მოუწია. საბოლოოდ, გუნდებმა თამაში განაახლეს და ინიციატივა უკრაინელებმა იგდეს.
„ლურჯ-ყვითლებმა“ ანგარიში 35-ე წუთზე გახსნეს. გიორგი ქოჩორაშვილმა ბურთი დაკარგა და მიხაილო მუდრიკმა შესანიშნავად იმოქმედა. „ჩელსის“ ფეხბურთელმა სოლორეიდი შორეული დარტყმით დააგვირგვინა და უკრაინა დააწინაურა. პირველ ტაიმში, „ჯვაროსნებს“ ორი მომენტი ჰქონდათ. ხვიჩა კვარაცხელიას დარტყმა უკრაინელთა მეკარეს ხელებში მიუვიდა, „ქოჩორამ“ კი კარგი შანსი გაანიავა.
მეორე ნახევარი საქართველოს უპირატესობით დაიწყო. გიორგი მიქაუტაძეს კარგი მომენტი შეექმნა და მშვენივრად იმოქმედა, მაგრამ მისი დარტყმა კარის ბადეს გარედან მოხვდა. 54-ე წუთზე, საქართველოს ნაკრები გიორგი მამარდაშვილმა გადაარჩინა. „მამარდამ“ მუდრიკის დარტყმა მოიგერია და გუნდი თამაშში დატოვა.
მეორე ტაიმის დარჩენილ დროში, საქართველოს რამდენიმე შანსი ჰქონდა. 89-ე წუთზე, საქართველომ მეტოქის კარი აიღო, მაგრამ „კვარა“ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და გატანილი გოლი გაუქმდა. საბოლოოდ, ვილი სანიოლის ბიჭებმა ქულა ვერ გადაარჩინეს და უკრაინამ მინიმალური ანგარიშით იმარჯვა. უკრაინასთან მატჩში ყვითელი ბარათი მიიღო გიორგი ქოჩორაშვილმა, რის გამოც ალბანეთთან, 14 ოქტომბერს გასამართ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
ამრიგად, 3 ტურის შემდეგ, საქართველო პირველ ადგილზე იმყოფება და 6 ქულა აქვს. ჩეხეთმა ალბანეთს დამაჯერებლად მოუგო და მეორე პოზიციაზეა - ასევე 6 ქულა. ალბანეთსა და უკრაინას კი 3-3 ქულა აქვთ.