ახალი კონტრაქტი ნოიერს - ბაიერნი ვეტერან მეკარეს ვერ ელევა
მიუნხენის „ბაიერნი“ მეკარე მანუელ ნოიერს ახალი კონტრაქტის გაფორმებას შესთავაზებს. როგორც გერმანელი ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგი წერს, „რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელობა 38 წლის ნოიერთან მოლაპარაკებების გამართვას მიმდინარე წლის ბოლომდე გეგმავს.
მისივე ცნობით, „ბაიერნში“ კვლავ მიიჩნევენ, რომ ნოიერის მემკვიდრე ალექსანდრ ნიუბელი უნდა გახდეს, რომელიც მიუნხენურმა კლუბმა 2026 წლამდე „შტუტგარტში“ გაანათხოვრა.
აქვე გეტყვით, რომ ნოიერს „ბაიერნთან“ მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოში მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.
ცნობისთვის, ნოიერი „ბაიერნში“ 2011 წელს გელზენკირხენის „შალკედან“ გადავიდა და მას შემდეგ ბავარიული გრანდის უცვლელი პირველი ნომერია. „ბაიერნის“ მაისურით ნოიერმა ყველა ტურნირზე 529 მატჩი ჩაატარა, ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 11-ჯერ - ბუნდესლიგა, ხუთჯერ - გერმანიის თასი და ექვსჯერ - გერმანიის სუპერთასი.