ვისთან დაიცავს ქამარს დუ პლესი | დენა უაითის კომენტარი
UFC 308-ზე რობერტ უიტაკერსა და ხამზატ ჩიმაევს შორის დაგეგმილი ჩხუბის შედეგის მიუხედავად, საშუალო წონითი კატეგორიის მოქმედი ჩემპიონი დრიკუს დუ პლესი საჩემპიონო ქამარს შონ სტრიკლენდთან დაიცავს. ამის შესახებ UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სურდა, დუ პლესის ტიტული სამშობლოში, სამხრეთ აფრიკაში დაეცვა, თუმცა ჯერჯერობით ეს შეუძლებელია.
„ძალიან მინდა, რომ დრიკუს დუ პლესიმ სამშობლოში იჩხუბოს, მაგრამ იქ არენებთან დაკავშირებით რთული მდგომარეობაა. ასეთი ბრძოლის ორგანიზება რთულია, თუმცა ვმუშაობთ ამ საკითხზე. ჩხუბი ღია ცის ქვეშ უნდა გაიმართოს, თქვენ კი ჩემი დამოკიდებულება კარგად იცით.
ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წინაღობა ქარია, ხოლო თუ რამეს ბრძოლის შედეგზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, მირჩევნია, ამაზე საერთოდ არ ვიმუშაო. ეს შეიძლება იყოს ქარი, წვიმა, მწერები, ძალიან მაღალი ტენიანობა“, - თქვა დენა უაითმა.
შეგახსენებთ, რომ დრიკუს დუ პლესი საჩემპიონო ქამარს მიმდინარე წლის იანვარში სწორედ სტრიკლენდთან ბრძოლაში დაეუფლა, როდესაც ამერიკელი მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა.
აქვე გეტყვით, რომ ქამრის პირველი დაცვა დუ პლესიმ მიმდინარე წლის აგვისტოში ისრაელ ადესანიას წინააღმდეგ გამართა და მახრჩობელა ილეთით გაიმარჯვა.
ცნობისთვის, მანამდე დუ პლესის მწვრთნელმა, მორნ ვისერმა განაცხადა, რომ სამხრეთაფრიკელი მომდევნო ბრძოლას 2025 წლის თებერვალში სიდნეიში, UFC 312-ზე გამართავს.