პეპის წასვლის ნიშანი - ბეგირისტაინმა გადადგომა გადაწყვიტა
წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ „მანჩესტერ სიტიში“ შესაძლოა სერიოზული საკადრო ცვლილებები განხორციელდეს. პირველი ცვლილების შესახებ კი უკვე გასაჯაროვდა - სპორტული დირექტორის პოსტს ტოვებს პეპ გუარდიოლას ახლო მეგობარი ჩიკი ბეგირისტაინი, რომელსაც ამ თანამდებობაზე პორტუგალიელი უგუ ვიანა შეცვლის.
ინგლისურ პრესაში უკვე აქტიურად იწერება იმის თაობაზე, რომ ბეგირისტაინის გადადგომა გუარდიოლას წასვლის მანიშნებელიცაა, რადგან პეპმა „ბარსას“ დატოვებაც სწორედ მაშინ გადაწყვიტა, როდესაც ჩიკი გაუშვეს. თავად ბეგირისტაინი წასვლის ოფიციალურ მიზეზად კი ასაკს ასახელებს და აცხადებს, რომ ოჯახისთვის ჰქონდა პირობა მიცემული რომ როგორცკი 60 წელი შეუსრულდებოდა, სამსახურიდან წავიდოდა და უფრო მეტ დროს ახლობლებს დაუთმობდა.
თავად გუარდიოლა აღნიშნავს, რომ გადაჭრით საკუთარ მომავალთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვის, რადგან მთლიანად გუნდის თამაშზეა კონცენტრირებული და გარკვეული დასკვნების გაკეთება მხოლოდ და მხოლოდ წლევანდელი სეზონის დამთავრების შემდეგ შეეძლება.