„სამქულიანებს გაცილებით უფრო თავდაჯერებულად ისვრის“ - პოპოვიჩი მამუკელაშვილზე
„სან ანტონიო სპურსის“ მთავარმა მწვრთნელმა, გრეგ პოპოვიჩმა საქართველოს ნაკრების კალათბურთელზე, სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა, რომელიც მიმდინარე ზაფხულში თავისუფალი აგენტი იყო და შემდეგ ისევ „სპურსთან“ გააფორმა კონტრაქტი.
პოპოვიჩის თქმით, თუ მამუკელაშვილი ისე ითამაშებს, როგორც პრესეზონის აქამდე ჩატარებულ ორ მატჩში, მას მეტი სათამაშო დრო მიეცემა.
რა თქვა „სპურსის“ თავკაცმა:
„მამუკელაშვილის თვითრწმენა სულ უფრო იზრდება, ის ხშირად სათადარიგო სკამზე ხვდებოდა და ის ფაქტი, რომ ამაზე სწორი რეაქცია აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია. სამქულიანებს მამუ გაცილებით უფრო თავდაჯერებულად ისვრის და ეს პრესეზონის ორივე მატჩში დაამტკიცა“.
NBA-ის პრესეზონის პირველ ორ მატჩში „სპურსი“ ჯერ „ოკლაჰომასთან“ დამარცხდა (107:112), შემდეგ კი გოგა ბითაძის „ორლანდოს“ მოუგო (107:97).