ვენტურა: ხვიჩას მსგავსი ფეხბურთელები იტალიაში თითქმის გაქრნენ
იტალიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯამპიერო ვენტურა რადიო Kiss Kiss Napoli-ს ეთერში ანტონიო კონტეს გუნდის შესახებ საუბრობს და ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო პოზიციაზე ამახვილებს ყურადღებას.
„მე როგორც მწვრთნელი ვისურვებდი, რომ გუნდში კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელი მყავდეს. მისი თვისებების მქონე მოთამაშე, რომლის მსგავსიც იტალიური ფეხბურთიდან თითქმის გაქრა. ერთი-ერთზე ასე თამაშის უნარი იშვიათობაა და ახლა ნაპოლის ხვიჩა ჰყავს და ამით სარგებლობენ. მაგალითს მოვიყვან, ტურინში ყველა შოკირებული იყო, როცა კონსეისაომ წარმოუდგენელი რამ გააკეთა. ის იმ მცირერიცხოვანთაგანია, რომელიც მეტოქეს ატყუებს და ჩვენ გაკვირვებით ვუყურებთ.
კონტე? მან გუნდს მოკლე დროში თავდაჯერება დაუბრუნა, რაც მათ დაკარგული ჰქონდათ, თუმცა ჯერ ნამდვილი ნაპოლი არ გვინახავს. გუნდი ახლა პირველ ადგილზეა და მათ გაუმჯობესება კიდევ შეუძლიათ.
კვარაცხელია? მე მას ვხედავ როგორც გარემარბს. როცა მას სივრცე ეძლევა, ის დამღუპველია. თუმცა, როცა ის ცენტრისკენ იწევს, იძულებულია კარისკენ ზურგით იმოქმედოს და ასეთ დროს იგი ცოტათი იკარგება. მას კარის წინ გამორჩეული თვისებები აქვს, მაგრამ ორი წლის წინანდელი კვარაცხელია, რომელიც გარემარბი იყო, ამ სეზონში ჯერ არ გამოჩენილა.
კონტემ სეზონი 3-5-2-ით დაიწყო, შემდეგ 3-4-3-ზე გადავიდა, რადგან მოედანზე პოლიტანოსა და კვარაცხელიას შენარჩუნება სურდა. ბოლოს კი მაკტომინეისთან ერთად 4-4-2-ზე (უფრო 4-3-3) გადავიდა. შოტლანდიელი ლუკაკუსთან ძალიან ახლოს მოქმედებს“.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია გუშინ სექტემბრის თვის სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ხვიჩას მიმდინარე სეზონში ჯამში 7 შეხვედრაში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.