გიორგი ქოჩორაშვილი, ალბერტ რუდე
Aa
Aa

დიდებული ქარიზმა და უძლიერესი მენტალობა - ესპანელი მწვრთნელი ქოჩორაშვილზე

ესპანელი მწვრთნელი ალბერტ რუდე CrystalSport-თან ინტერვიუში გიორგი ქოჩორაშვილთან მუშაობის პერიოდს იხსენებს. 2022-23 წლების სეზონში, როცა „ლევანტემ’’ ქართველი ნახევარმცველი „კასტელონში’’ გაანათხოვრა, რუდეს ხელმძღვანელობით „ქოჩორამ’’ 22 მატჩში 3 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. როგორც რუდე აღნიშნავს, გიორგი ძალიან მონდომებული იყო და თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა.

ალბერტ რუდე: „კასტელონში’’ გიორგის მწვრთნელი ვიყავი. დიდი დრო დავხარჯეთ იმისთვის, რომ მას განვითარებაში დავხმარებოდით, სტაბილურობად და თავდაუზოგავად მუშაობდა, რომ უფრო მაღალ დონეზე ასულიყო. ერთი სეზონის შემდეგ „ლევანტეში’’ დაბრუნდა, გუნდის საკვანძო მოთამაშე გახდა და ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, მისით ამაყი ვარ.

გიორგი სწავლისთვის ყოველთვის ღია იყო, ბევრს მუშაობდა, ყოველდღიურად ჩვენგან, როგორც მწვრთნელებისგან, უფრო მეტს ითხოვდა, რომ მეტი და მეტი ესწავლა. ის აჩვენებდა, რომ წარმატება ძალიან „სწყუროდა’’. როცა არ თამაშობდა, პოზიტივს ინარჩუნებდა, თავს არ იმართლებდა და ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მე ვცდებოდი, როცა სხვა ფეხბურთელს ვირჩევდი.

ჩვენ პოზიციურ ფეხბურთს ვთამაშობდით და მას სურდა თამაშის ამ სტილს კარგად მორგებოდა. საწყის ეტაპზე დისტანციებისა და მოძრაობების შესაგრძნობად გარკვეული დრო დასჭირდა, მაგრამ საბოლოოდ სათამაშო სისტემას ძალიან კარგად მოერგო და ჩვენი გუნდის ნახევარდაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა.

მენტალური და ემოციური კუთხით, ის ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელია, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. დიდებული ქარიზმა აქვს, რამაც განაპირობა ის, რომ „კასტელონის’’ ქომაგებთან ძალიან კარგი კავშირი ჩამოუყალიბდა. ის ჩუმი კაპიტანი იყო, გზას არა სიტყვებით, არამედ ქმედებებით აჩვენებდა, როგორც მინდორზე, ასევე მინდორს მიღმა.

ლა ლიგა 2-ში დიდი როლის შემსრულებელია და აჩვენა, რომ ლა ლიგაში თამაში შეუძლია. ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალედ ითამაშა და საქართველოს ნაკრები შემდეგ ეტაპზე გავიდა. რა შემიძლია ვთქვა? ქოჩორას თამაში შთამბეჭდავი იყო''.

37 წლის ალბერტ რუდეს მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მექსიკურ კლუბებში, მათ შორის „პაჩუკაში’’ უმუშავია (2015-18). მოგვიანებით, „ინტერ მაიამიში’’ დიეგო ალონსოს ეხმარებოდა (2020-21). 2023 წელს ხსენებული „კასტელონის’’ მთავარი მწვრთნელი იყო, 2023-24 წლების სეზონში მისმა გაწვრთნილმა კრაკოვის „ვისლამ’’ პოლონეთის თასი მოიგო.

რაც შეეხება 2022-23 წლების სეზონს, რომელიც „ქოჩორამ’’ ესპანეთის რანგით მესამე ლიგის „კასტელონში’’ გაატარა, ამ სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა 44 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. შემდეგ „ლევანტეში’’ დაბრუნდა, გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა, ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალე თამაშის შემდეგ კი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთს აჩვენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები