„ვინც კვარას აკრიტიკებს, მას პრობლემები აქვს“ - ნაპოლის ყოფილი კაპიტანი
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და „ნაპოლის“ ყოფილმა კაპიტანმა, ფრანჩესკო მონტერვინომ იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელია შესახებ ისაუბრა.
„ვინც კვარას აკრიტიკებს, მას პრობლემები აქვს. ხვიჩა გუნდის უძლიერესი მოთამაშეა და ამას ამტკიცებს. მიუხედავად იმისა, რომ მის კონტრაქტთან დაკავშირებით ჯერაც პრობლემებია, მას თამაშის მხრივ არანაირი პრობლემა არ აქვს. ნაპოლის კვარასა და ლობოტკას გარდა ყველას გარეშე შეუძლია ითამაშოს.
კვარა და ნერეში ერთად ძირითადში? დიახ, ეს შესაძლებელია. თუმცა ამ დროს მაკტომინეის როლი სხვაგვარი გახდება. მას ნახევარდაცვაში ნამდვილი შუამავლის როლის მორგება მოუწევს. თუმცა, პოლიტანოს სკამზე დატოვება მარტივი არ იქნება.
კვარას შეშუპებული ფეხები? მოთამაშეები, რომლებიც ყველაზე მეტ დარტყმას იღებენ, ყველაზე ძლიერები არიან. კვარა სწორედ ამას აჩვენებს“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სექტემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველისთვის ეს ჯილდო კარიერაში მეოთხე გახლავთ, რაც იტალიაში სარეკორდოა და მსგავსი შედეგი მხოლოდ პაულო დიბალას აქვს დაფიქსირებული.