„უკრაინის სახით ძლიერი მეტოქე გვყავს“ | ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც მას ოთარ კაკაბაძე ახლდა. „ჯვაროსნებს“ მომდევნო შეხვედრა ერთა ლიგაზე, უკრაინის წინააღმდეგ ელით და ფრანგმა სპეციალისტმა „ლურჯ-ყვითლების“ ძლიერ მხარეებზე ისაუბრა.
ვილი სანიოლი: „ფეხბურთელები პირდაპირ პოლონეთში ჩამოვიდნენ, იმ გადაწყვეტილებით, რომ პოლონეთში მომზადება ავირჩიეთ, დიდი ენერგია დაიზოგა. გუნდში შესანიშნავი განწყობაა, სრული შემადგენლობით ვემზადებით. წარმატებული სერია არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.უკრაინის სახით ძლიერი მეტოქე გვეყოლება. მნიშვნელოვანია ფეხბურთელებმა კარგად წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები.
კმაყოფილი ვარ ჩემი მოთამაშეების ბოლოდროინდელი გამოსვლით, ფეხბურთში შეიძლება დამარცხდე, თუმცა მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო, მაქსიმალურად კონცენტრირდე და აჩვენო შენი საუკეთესო თამაში. არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ახლა პირველ ადგილზე ვართ. ჩვენი სამივე კონკურენტი ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ გავიდა და ეს აჩვენებს რამდენად ძლიერი მეტოქეები გვყავს. ამ ჯგუფში გამარჯვება ყველას შეუძლია და ეს სექტემბერში გამოჩნდა.
გოგლიჩიძე და გულიაშვილი? ორივე მოთამაშე მზადების პროცესში კარგად ჩაერთო, რადგან ისინი ასაკობრივ ნაკრებებში თანაგუნდელები იყვნენ. მათი ჩართულობა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ვნახოთ, შეგვეძლება ვათამაშოთ თუ არა შემდეგ შეხვედრებში. იმ. შედეგების გათვალისწინებით,, რაც საქართველოს ნაკრებს აქვს, შემადგენლობის ცვლილება რთულია, თუმცა საკლუბო მატჩების გათვალისწინებით ყველას მიეცემა შანსი თუ კლუბში თავს გამოიჩენს. ჩვენ ყველას ვაკვირდებით.
ოთარ კაკაბაძე: „ვეცდებით ქომაგები გავახაროთ და სახლში ბედნიერი გავუშვათ. სასიამოვნოა, რომ საკმაოდ ბევრი ქართველი დაესწრება ხვალინდელ მატჩს. გამარჯვებისთვის მაქსიმალურად დავიხარჯებით. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, პოზნანში ჩამოსასვლელად რამდენიმე საათი დამჭირდა. ამ მხრივ, აქ მომზადება ძალიან კომფორტული იყო.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ორი ტურის შემდეგ, საქართველოს 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. უკრაინას ქულა ჯერ არ აუღია და ალბანეთთან და ჩეხეთთან დამარცხდა.