„ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ...“ | რა თქვა ქოჩორამ უკრაინის ნაკრებზე
ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრებთან მატჩის წინ მედიისთვის კომენტარი საქართველოს ნაკრებისა და „ლევანტეს“ ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოს ნაკრები ჯგუფის ლიდერის სტატუსით ხვდება უკრაინასთან მატჩს, რაც იმის მანიშნებელია, რომ გუნდი სწორ გაგზე დგას, თუმცა ამაზე გაჩერება არ შეიძლება, იმიტომ რომ პროგრესი მუდმივია და საქართველოს ნაკრებმა უნდა გააგრძელოს წინსვლა.
გიორგი ქოჩორაშვილი:
„დიდად არ მიყვარს მეტოქეზე საუბარი - ვიცით, რომ ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ძალა ჩვენშია. ძალა ერთიანობის - არა მხოლოდ იმ 23 კაცის, რომელიც ნაკრებში ვართ, არამედ მთლიანად საქართველოს. ჩვენ უკან არიან ჩვენი ძმები, დები, პაპები, ბებიები - ვიცით, თუ რამხელა ძალა არის ეს ყველაფერი. ამ ძალას ვერავინ აჯობებს.
რაც შეეხება ჩემს გოლს, ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის - ნაკრებში ვინ გაიტანს გოლს, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ვაჩვენოთ ძალა და ერთიანობა როგორც ერთმანეთს, ასევე ბავშვებს, მომავალ თაობას, რომელიც ჩვენ გვიყურებს, რათა მათ ისწავლონ, რომ ჩვენი ძალა ერთიანობაშია და ამით ბევრის მიღწევა შეგვიძლია.