კიტე: განწყობა იდეალურია - აუცილებელია, რომ ეს წარმატებული სერია განვაგრძოთ
საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინასთან მატჩისთვის მზადებას პოზნანში განაგრძობს. შეკრების მესამე დღეს, ჩვენმა გუნდმა ლეხის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
მოახლოებული მატჩებისთვის მზადების თაობაზე კომენტარი ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა. ნაკრების ნახევარმცველმა გუნდში არსებულ კარგ განწყობას გაუსვა ხაზი და გასვლით შეხვედრაში გულშემატკივართა განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.
„განწყობა, როგორც ყოველთვის, იდეალურია. ვემზადებით მნიშვნელოვანი და ძალიან რთული თამაშებისთვის. სექტემბერში წარმატებული მატჩები ჩავატარეთ, რაც დიდი შრომის და კარგი მომზადების დამსახურებაა.
აუცილებელია, რომ ეს წარმატებული სერია განვაგრძოთ. განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ მოახლოებული თამაშებისთვის და იმედი მაქვს, შედეგი იქნება ისეთი, როგორიც სექტემბერში გვქონდა.
ევროპის ჩემპიონატს თუ არ ჩავთვლით, გასვლით მატჩზე ამდენი გულშემატკივარი არასდროს ყოფილა, რამდენიც უკრაინასთან თამაშს დაესწრება. ეს ახალი გამოცდილებაა ჩვენთვის. ქართველ გულშემატკივარს უკვე აქვს იმის სურვილი, რომ გასვლით მატჩებზე იყვნენ ჩვენთან ერთად. გაკვირვებულები და ძალიან გახარებულები ვიყავით, როდესაც გავიგეთ, რომ ამდენი ქართველი გულშემატკივარი გვეყოლება სტადიონზე", - თქვა კიტეიშვილმა.
10 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი მატჩის მასპინძელ ენეა სტადიონის სათადარიგო მოედანზე ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე გაიმართება ტრადიციული მატჩისწინა პრესკონფერენცია.
ოქტომბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში,ეროვნული ნაკრები ორ შეხვედრას ჩაატარებს. უკრაინის ნაკრებთან მატჩი 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება, ხოლო ალბანეთის წინააღმდეგ ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებს. მოახლოებული მატჩებისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), სოლომონ კვერკველია (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი)
წყარო: ეროვნული ნაკრები