ყველაზე ძვირადღირებული „ნაპოლიში“, მესამე სერია ა-ში | როგორია კვარას რეალური ფასი
CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა.
კერძოდ, რეიტინგში შეყვანილია ყველა იტალიური კლუბის თითო ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი და მხედველობაში არის მიღებული ფეხბურთელების ასაკი და მათი მოქმედი კონტრაქტების ხანგრძლივობაც.
რეიტინგის მიხედვით, „ნაპოლის“ ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაა და მისი რეალური სატრანსფერო ღირებულება 67-დან 84 მილიონ ევრომდე მერყეობს. ამ მაჩვენებლით კვარას სერია ა-ში მხოლოდ ორი ფეხბურთელი უსწრებს და ორივე მათგანი მილანურ კლუბებს წარმოადგენს.
CIES-ის რეიტინგის პირველ ადგილზე სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონის, „ინტერის“ არგენტინელი ფორვარდი ლაუტარო მარტინესია. „ნერაძურის“ კაპიტნის რეალურ სატრანსფერო ღირებულებად CIES-ი 95-120 მილიონ ევროს ასახელებს. მისი კონტრაქტი კლუბთან 2029 წლამდეა გათვლილი.
მეორე ადგილზეა „მილანის“ პორტუგალიელი გარემარბი რაფაელ ლეაუ. CIES-ის რეიტინგის მიხედვით, ლეაუ 69-88 მილიონი ევრო ღირს. მისი კონტრაქტი „როსონერისთან“ 2028 წლამდე მოქმედებს.
იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ ჯორჯო სკალვინი (ატალანტა, 61-78 მილიონი) და არტემ დოვბიკი (რომა, 56-73 მილიონი ევრო).