მამუკელაშვილი VS ბითაძე | „სპურსმა“ პრესეზონზე „მეჯიქს“ მოუგო
NBA-ში პრესეზონის მატჩები გრძელდება - ამჯერად ერთმანეთს გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ და სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ დაუპირისპირდნენ და გამარჯვება გრეგ პოპოვიჩის ბიჭებმა იზეიმეს - 107:97.
მამუკელაშვილი „სპურსის“ სასტარტოში არ ყოფილა, ბითაძემ კი მატჩი „მეჯიქის“ ძირითადში დაიწყო. გოგას ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 2 ქულა დააკლდა. ბითაძემ პარკეტზე 22:25 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 8 ქულა ჩააგდო და 11 მოხსნა (4 შეტევაში) და 3 ბლოკი მიითვალა.
რაც შეეხება მამუკელაშვილს, ის პოპოვიჩმა მხოლოდ 16:43 წუთი ათამაშა და ქართველი კალათბურთელის მონაგარი ასეთი იყო: 9 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში), 1 ასისტი და 1 ჩაჭრა.
ყველაზე მეტი ქულა (19) მატჩში „ორლანდოს“ მცველმა ჯეტ ჰოვარდმა ჩააგდო, ხოლო მოხსნების მხრივ ორივე გუნდს შორის საუკეთესო სწორედ გოგა ბითაძე იყო.
პრესეზონის მომდევნო მატჩს ბითაძის „ორლანდო“ 19 ოქტომბერს „ფილადელფიას“ წინააღმდეგ გამართავს, ხოლო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ უკვე 13 ოქტომბერს „იუტასთან“ მოსინჯავს ძალებს.