საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 11 და 14 ოქტომბერს ერთა ლიგის B დივიზიონში ჯგუფური ეტაპის მესამე და მეოთხე ტურის შეხვედრებს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ჯერ პოლონეთში უკრაინასთან (22:45) ითამაშებს, შემდეგ კი „მიხეილ მესხზე“ ალბანეთს (20:00) დაუპირისპირდება.
ვილი სანიოლმა შემადგენლობა უკვე დაასახელა. განსაკუთრებული ცვლილებები არ ყოფილა, თუმცა იყო მოსალოდნელი სიახლე - გიორგი გულიაშვილი საბა ლობჟანიძის ნაცვლად.
ტრადიციულად გთავაზობთ ორივე მატჩის პრევიუს: ტაქტიკური ანალიზი, გუნდების მდგომარეობა, მეტოქეთა განხილვა/შეფასება. მოდით ყველაფერს დეტალურად მივყვეთ.
სიახლე და გაჩენილი კითხვები
ბოსნიური „სარაევოს“ ქართველი ლეგიონერის გიორგი გულიაშვილის ნაკრებში გამოჩენა პროგნოზირებადი სიახლე იყო. 23 წლის უნივერსალმა შემტევმა მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 8 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა. თან გოლებსაც გააჩნია.
„უზომოდ ბედნიერი და გახარებული ვარ! ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ახდა. საქართველოს ნაკრებში გამოძახება განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა“.
- ეს გულიაშვილის პირველი კომენტარია, მას შემდეგ, რაც ნაკრებში გამოიძახეს.
რაც შეეხება მის საფეხბურთო პროფილს, ის უნივერსალია და თამაში თითქმის ყველა პოზიციაზე შეუძლია: ორივე ფლანგზე, ცენტრში ფორვარდის უკან და ასევე ცრუ ცხრიანის პოზიციაზეც. გულიაშვილის განსაკუთრებით კარგად მოერგება ვილი სანიოლის სქემას 5-3-2-ს, არა მხოლოდ მისი მრავალმხრივი სტილიდან გამომდინარე, არამედ ისიც, რომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე რამაზ სვანაძეც მსგავს ტაქტიკურ მონახაზს იყენებდა, რომელშიც ის კარგად იყო ინტეგრირებული.
გულიაშვილი საბა ლობჟანიძის ნაცვლად გამოიძახეს, რამაც კითხვები გააჩინა. ამაში საგანგაშო ან რაიმე გაუგებარი არაფერია. საქართველოს ნაკრებში კონკურენცია იზრდება, რაც მხოლოდ დადებითს ნიშნავს.
ამის ნათელი დასტურია ირაკლი აზაროვის შემთხვევა, რომელიც სექტემბრის სანაკრებო პაუზისას გამოიძახეს, ახლა კი ლევან შენგელიას დაბრუნების შემდეგ, აზაროვი განაცხადს მიღმა დარჩა. პასუხი აქაც კონკურენციაშია.
სანიოლს მარცხენა ვინგბექის პოზიციაზე ლოჩოშვილი, შენგელია და წიტაიშვილი ჰყავს. 3 არჩევანი 2 მატჩისთვის კი საკმარისზე მეტია.
აზაროვი ამჯერად 21-წლამდელთა ნაკრებს დაეხმარება. ჩვენ კი ვნახოთ როგორ დაბრუნდება ნაკრებში შენგელია, რომელიც ევრო 2024-მდე თითქოს მარცხენა ვინგბექის პოზიციაზე უცვლელ კადრად ყალიბდებოდა. ასევე დაველოდოთ რამდენ წუთს მიიღებს გულიაშვილი და როგორ გამოიყენებს თავის პირველ სანაკრებო შანსს.
სხვა მხრივ შემადგენლობასთან დაკავშირებით კითხვები ნაკლებადაა.
მოსალოდნელი შემადგენლობა და ტაქტიკა
ამ ეტაპზე ვილის 5-3-2-ის ცვლილებას არ უნდა ველოდოთ. ევრო 2024-ის შემდეგ, სანიოლმა თავის გეგმას არ გადაუხვია და ეს არც ოქტომბერშია მოსალოდნელი.
ჩვენი შემადგენლობა საკმაოდ პროგნოზირებადია. ამ მომენტისთვის არის მხოლოდ 1 კითხვა: მარცხენა ვინგბექად ისევ ლოჩოშვილს ვიხილავთ, თუ შენგელია დაბრუნდება? ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ სანიოლმა იცის.
რამდენად ელოდება ვილი საფრთხეს საჰაერო ორთაბრძოლებისას უკრაინასთან? რამდენად ძლიერად შემოგვიტევენ მარცხენა ფლანგიდან? ჩემი აზრით, არჩევანი ლოჩოშვილსა და შენგელიას შორის გაკეთდება.
საინტერესოა გამოიყენებს, თუ არა ვილი წიტაიშვილსა და შენგელიას თავიანთ რეალურ პოზიციებზე - შეტევაში მარჯვენა გარემარბად. ეს ალბათ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად დაგვჭირდება შეტევის გაძლიერება მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე. ის ფაქტი, რომ მწვრთნელს ამხელა არჩევანი აქვს, მხოლოდ დადებითზე მეტყველებს.
სხვა მხრივ არანაირი დამატებითი კითხვა არ არსებობს. ჩვენი შემადგენლობა სავარაუდოდ ასეთი იქნება.
ბიჭები ფორმაში არიან: მამარდაშვილი, კაშია, დვალი, გველესიანი, გოგლიჩიძე კაკაბაძე, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, დავითაშვილი, ზივზივაძე - გოლები, საგოლე პასები, დამაჯერებელი თამაში. თითქმის ყველა იდეალურ კონდიციებშია. კარგ ფიზიკურ ფორმაშია, მაგრამ არ ენდობიან და ცოტას თამაშობს გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც სანიოლი სავარაუდოდ ისევ სრულ ნდობას გამოუცხადებს.
ბუდუ ალბათ ისევ თადარიგში დარჩება და იმედს ვიტოვებ, ამჯერად მეტ დროს მიიღებს.
კითხვები იყო კვარაცხელიას ჯანმრთელობაზეც. მოგეხსენებათ, ხვიჩა იტალიიდან გასივებული ტერფით დაბრუნდა, თუმცა ის გუნდთან ერთად ჩვეულებრივ ვარჯიშობს და როგორც ჩანს დაზიანება სერიოზული არ არის. ბოლო ცნობებით, ხვიჩას ფეხი თითქმის სრულად არის ჩამცხრალი და მას ვარჯიშში ხელს არ უშლის. თუ მაინც გართულდა და ვილიმ სიფრთხილე გამოიჩინა, მას დიდებულ ფორმაში მყოფი ზურიკო დავითაშვილი შეცვლის.
არ მგონია ჩვენი ნაკრების სათამაშო სტილი შეიცვალოს. თავიდან გამოკვეთილ მეორე ნომრად დავიწყებთ როგორც ხდება ხოლმე და კონტრშეტევებზე აქტიურად გადავალთ. შემდეგ კი იქნება მეტოქის მოგუდვის მცდელობა და მეორე ნახევარზე ნელ-ნელა აწევა, რაც ვიხილეთ ჩეხეთთან და ალბანეთთან შეხვედრებში.
სცენარი: რას უნდა ველოდოთ მეტოქეებისგან?
უკრაინის ნაკრები საკმაოდ დიდი დანაკლისით დაგვხვდება: ანდრეი ლუნინი, ანდრეი იარმოლენკო, ვიტალი მიკოლენკო, ვიქტორ ციგანკოვი, ტარას სტეპანენკო, ოლეკსანდრ ზინჩენკო.
სია საკმაოდ სერიოზულია და ეს მეტოქის თამაშზე გავლენას სავარაუდოდ მოახდენს.
უკრაინელები მაინც დიდ გულზე არიან და ჩვენთან ტრადიციულად დადებითი შედეგის მიღწევის იმედი აქვთ. აი რას ამბობს მათი ყოფილი მწვრთნელი და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტი ოლეგ ფედორჩუკი:
„ამჟამად ჩვენ ვარსკვლავური პროფილის მქონე 5-6 მოთამაშე გვყავს, საქართველოს კი მხოლოდ 2 ჰყავს - კვარაცხელია და მამარდაშვილი. მე უპირატესობას ჩვენს გუნდს ვანიჭებ. ქართველების ტაქტიკა საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ. ვილი სანიოლი გუნდს უკვე სამი წელია 5-3-2 სქემით ათამაშებს. ეს ტაქტიკა სანახაობრივი ფეხბურთის თამაშის გარანტიას არ იძლევა, თუმცა ის საკმაოდ ეფექტურია. ქართველებს საიმედო დაცვა ჰყავთ და კონტრშეტევაზე სწრაფად გადადიან. ეს სქემაც ამაზეა გათვლილი.
ქართველები ბოლო დროს მართლაც სტაბილურად გამოიყურებიან, მაგრამ უკრაინას მეტი პოტენციალი აქვს და უფრო დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს“.
სერგეი რებროვის გუნდი ძირითადად 4-3-3 (ან 4-2-3-1) სქემას იყენებს. თამაშობენ ტექნიკურ, შემტევ ფეხბურთს. მათი იერიშები განსაკუთრებით სახიფათო ფლანგებიდან არის, თუმცა უკრაინას ხიფათის შექმნა ცენტრიდანაც შეუძლია, ასევე ჩაწოდებებით, სადაც მთავარი მოქმედი პირი არტემ დოვბიკი ან რომან იარემჩუკი იქნება.
საკმაოდ აქტიურია მათი მარჯვენა მცველი იუხიმ კონოპლია, რომელმაც ალბანეთს გოლიც გაუტანა.
უკრაინელები ხშირად იყენებენ მოკლე პასებს და საჯარიმოს მისადგომებთან ხიფათს ქმნიან. ამაში აქტიურად მონაწილეობს მათი რომელიმე ტანმაღალი ფორვარდი.
თუმცა მათი მინუსი დაცვის ხაზია (განსაკუთრებით მარცხენა ფრთა). ნახევარდაცვაც და დაცვაც, საკმაოდ არადამაჯერებელია, ბევრ სივრცეს ტოვებს და მათ კართან ხიფათი ხშირად იქმნება. ეს გასულმა მატჩებმა ნამდვილად დაგვანახა.
ალბანეთმა და ჩეხეთმა უკრაინის კარისკენ ჯამში 25-ჯერ დაარტყეს, კარში ზუსტად 9-ჯერ წავიდა, აქედან კი 5 გოლი იყო.
უკრაინა vs ალბანეთი: მატჩის ყველა საინტერესო მომენტი
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენი ნაკრები ჩვეულ სტილში - დაცვაში ზონების დაკეტვით, კომპაქტურობითა და კონტრშეტევებზე სწრაფი გადასვლით, თუ კვლავ შეძლებს მოქმედებას, უკრაინის დამარცხება ლოგიკურად არ უნდა გაგვიჭირდეს.
რაც შეეხება ალბანეთს, ისინი ტირანაში უკვე ვიხილეთ. როგორ ითამაშეს უკრაინასთან და შემდეგ როგორ ჩვენთან: დაპირებული ჯოჯოხეთი არ შედგა და „ჯვაროსნებმა“ 3 ქულა დამაჯერებლად წამოიღეს.
ალბანელები ჩვენთან რეი მანაისა და არმანდო ბროიას გარეშე ითამაშებენ, რაც მათ გეგმებს მცირედით შეცვლის. მათი უწინდელი თავდაჯერებაც „მოთვინიერებულია" და ამჟამად თბილისური გაუსაძლისი გარემოს მიღება და გაძლება მოუწევთ. ამჯერად მათ უპირატესობები აღარ ექნებათ და საქართველოს ნაკრების პლუსებს გაცილებით დიდი დოზით ნახავენ, ვიდრე ეს ტირანაში ვიხილეთ.
რას გადაწყვეტს სილვინიო, ამას 14 ოქტომბერს ვნახავთ.
ორივე მატჩის ტაქტიკური ანალიზი 15 ოქტომბერს
რა თქმა უნდა, ტრადიცია არც ამჯერად დაირღვევა და „ცრუ ცხრიანში“ საქართველოს ნაკრების ორივე შეხვედრის (ერთად) ამომწურავ და დეტალურ ტაქტიკურ ანალიზს იხილავთ, რომელიც 15 ოქტომბერს უკვე მზად იქნება.
იქამდე კი შეგიძლიათ გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფორმაციის შესახებ „ცრუ ცხრიანის“ ბოლო ვიდეო ნახოთ, სადაც „ჩაკვეს“ ტრავმამდელი და ტრავმის შემდგომი თამაშის ანალიზს იხილავთ.