შჩესნი მოწევაზე: ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა, რომელიც არავის არ ეხება
ვოიცეხ შჩესნი, რომელიც ცოტა ხნის წინ „ბარსელონას“ შეუერთდა, მიიჩნევს, რომ სიგარეტის მოწევა მის თამაშზე არ აისახება.
მანამდე მედიაში დაიწერა, რომ პოლონელი მეკარე სტრესის მოსახსნელად ხანდახან ეწევა. Mundo Deportovo-ს ინფორმაციით, „არსენალში“ ყოფნისას კი, ის ბევრს ეწეოდა და ამის გამო, სოლიდური ჯარიმაც დაეკისრა.
„არის რაღაცები, რასაც ჩემს პირად ცხოვრებაში არ ვცვლი და არავის არ ეხება, ვეწევი თუ არა. ეს ჩემს თამაშზე გავლენას არ ახდენს. ვფიქრობ, რომ მოედანზე გაორმაგებულად ვმუშაობ. გარდა ამისა, მე არ ვეწევი ბავშვების თანდასწრებით, რათა მათ ცუდი მაგალითი არ მივცე.
მე ასეთი ვიყავი მთელი ცხოვრება და ეს უბრალოდ არავის არ ეხება. მინდა განმსაჯონ, როგორც მეკარე და არ ეძებონ ისტორიები, რომლებიც არავის საქმე არ არის“, - თქვა პოლონელმა მეკარემ.
შეგახსენებთ, რომ შჩესნის კარიერა დასრულებული ჰქონდა და მას შემდეგ, რაც ტერ შტეგენმა ტრავმა მიიღო, მისი კარიერის განახლების საკითხი დღის წესრიგში დადგა.
ცნობისთვის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა, რის გამოც მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია.