„როცა კვარა მოედანზეა...“ - რას წერს ნეაპოლური მედია
ნეაპოლური მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს და მის შესაძლებლობებს აფასებს. Il Vaporreto-ს შეფასებით, ქართველი ფეხბურთელი „ნაპოლიში“ შესანიშნავ ფორმაშია.
რას წერს IL Vaporetto:
„ეჭვგარეშეა, რომ კვარაცხელია „ნაპოლის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა. მისი დრიბლინგი, სისწრაფე და თამაშის ხედვა მას ხდის ისეთ თავდამსხმელად, რომლისაც მოწინააღმდეგის ნებისმიერ მცველს ეშინია“.
„მოედანზე შესანიშნავი თამაში არა მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭის შედეგია, არამედ მუდმივი მუშაობისაც. მიუხედავად მისი კონტრაქტის გაგრძელებასთან დაკავშირებული დისკუსიებისა, ფაქტია, რომ მისი მნიშვნელობა გუნდისთვის ეჭვს არ იწვევს“.
„მწვრთნელსა და თანაგუნდელებს არაერთხელ უსაუბრიათ კვარას შესაძლებლობებზე. მისმა გადამწყვეტმა თამაშმა საკვანძო წვლილი შეიტანა კლუბის შედეგებში და ფაქტია, რომ „ნაპოლის“ სჭირდება კვარას კალიბრის მოთამაშე, რათა ტიტულის მოპოვების დიდი იმედი ჰქონდეს. შემთხვევითი არ არის, რომ როცა კვარაცხელია მოედანზეა, გუნდი ანათებს და უფრო კონკურენტუნარიანია“.
რამდენიმე დღის წინ იტალიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვა ანაზღაურების სახით 8 მილიონ ევროს ითხოვს, რაზეც „ნაპოლის“ ხელმძღვანელები უარს ამბობენ და ამის გამო მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.
აქვე გეტყვით, რომ მოქმედი კონტრაქტი კვარას „ნაპოლისთან“ 2027 წლამდე აკავშირებს, ხოლო მისი მოქმედი ხელფასი წელიწადში 1,5 მილიონი ევროა.
7 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 16 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, ხვიჩა კვარაცხელიას კი 7 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ, 20 ოქტომბერს საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ წინააღმდეგ გამართავს.