კლოპმა ახალი სამსახური იშოვა
„ლივერპულის“ ყოფილი მწვრთნელი, იურგენ კლოპი Red Bull-ში დასაქმდა. როგორც BBC Sport-ი წერს, ის კომპანიაში ფეხბურთის მიმართულებას უხელმძღვანელებს და მუშაობას 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შეუდგება.
ენერგეტიკული სასმელების ბრენდი Red Bull-ი ისეთ კლუბებს ფლობს, როგორებიცაა „ლაიფციგი“, „ზალცბურგი“ და „ნიუ-იორკ რედ ბულსი“.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, გერმანელი სპეციალისტი მონაწილეობას არ მიიღებს ყოველდღიურ საქმიანობაში, მაგრამ ის გუნდებს კონსულტაციას გაუწევს სათამაშო ფილოსოფიის, ტრანსფერების სტრატეგიებისა და სამწვრთნელო შემადგენლობის განვითარების საკითხებზე.
„მინდა მათ ის გამოცდილება გავუზიარო, რაც ამ წლების განმავლობაში დავაგროვე. მინდა დავინახო, ვიგრძნო და გავიგო, რა არის ფეხბურთისთვის სასარგებლო და აგრეთვე ცოტა განვავითარო ის“, - თქვა 57 წლის კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ კლოპი „ლივერპულს“ სათავეში 2015 წლის 8 ოქტომბერს ჩაუდგა და კლუბს რვა ტიტული მოაგებინა. სწორედ მის სახელს უკავშირდება გუნდის ევრო ასპარეზზე უმაღლეს მწვერვალზე დაბრუნება - 2019 წელს მერსისაიდელებმა ჩემპიონთა ლიგა ტოტენჰემის დამარცხებით მოიგეს, რასაც როგორც უეფას სუპერთასზე, ასევე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გამარჯვება მოყვა.
კიდევ უფრო მეტად გაახარა გერმანელმა მწვრთნელმა გუნდის ფანები მომდევნო სეზონში, როდესაც ლივერპული ინგლისის ჩემპიონი 30-წლიანი პაუზის შემდეგ გახადა. ორი უმნიშვნელოვანესი ჯილდოს მოგების შემდეგ, კლოპმა გულშემატკივარს არც შიდა სათასო ტურნირებზე დასწყვიტა გული და 2-ჯერ ლიგის (2022, 2024), თითოჯერ კი ასოციაციის თასი (2022) და ქომუნითი შილდსი (2022) მოიგო.