„ისეთ მოთამაშეებს, როგორიც კვარაა...“ - რას ამბობს ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი
„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯანი იმპროტამ რადიო Punto Nuovo-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა.
მისი თქმით, მისნაირ მოთამაშეს გაფრთხილება სჭირდება.
„მართალია, მას ჯერ არ მიუღწევია ფსიქოლოგიური და ფიზიკური სიმწიფისთვის, მაგრამ ის ასევე გახდა ოჯახის კაცი, რაც მას ზრდაში დაეხმარება. კონტე მისგან რაღაც ახლის შექმნას ცდილობს და როცა კვარა მზად იქნება, ის გახდება დემონი მოედნის ცენტრში. მას შეუძლია მოუხელთებელი გახდეს. ვიმედოვნებ, რომ კლუბი მას გაუფრთხილდება და კონტრაქტს, რაც შეიძლება მალე გაუფორმებს. მოთამაშეებს, როგორიც კვარაა, განებივრება და გაფრთხილება სჭირდებათ“, - თქვა „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა.
რამდენიმე დღის წინ იტალიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვა ანაზღაურების სახით 8 მილიონ ევროს ითხოვს, რაზეც „ნაპოლის“ ხელმძღვანელები უარს ამბობენ და ამის გამო მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.
აქვე გეტყვით, რომ მოქმედი კონტრაქტი კვარას „ნაპოლისთან“ 2027 წლამდე აკავშირებს, ხოლო მისი მოქმედი ხელფასი წელიწადში 1,5 მილიონი ევროა.
7 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 16 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, ხვიჩა კვარაცხელიას კი 7 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ, 20 ოქტომბერს საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ წინააღმდეგ გამართავს.