საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელები 21-ე საუკუნეში | Goal.com-ის რეიტინგი
გასული 25 წლის განმავლობაში „სამი ლომის“ მაისურით არაერთ შესანიშნავ ფეხბურთელს უთამაშია და მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის ნაკრებს ტიტული არ მოუგია, ბოლო ორ ევროპის ჩემპიონატზე გარეთ საუთგეიტის გუნდი ფინალამდე მივიდა, ხოლო ინგლისელმა ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს არაერთი დაუვიწყარი მომენტი აჩუქეს.
Goal.com-მა 21 საუკუნის 25 საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელის რეიტინგი შეადგინა. წარმოგიდგენთ TOP-10-ს.
10. რაჰიმ სტერლინგი (82 მატჩი, 20 გოლი)
„ლივერპულისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა გარემარბმა გაიბრწყინა 2014 წლის მუნდიალზე, ევრო 2020-ზე 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა და დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ინგლისის ნაკრებმა კონტინენტის პირველობის ფინალში ითამაშა. 2022 წლის მუნდიალი სტერლინგმა გამოტოვა, რაც ბუკაიო საკასთან წაგებული კონკურენციით აიხსნება, თუმცა რაჰიმი საუთგეიტის მხრიდან უკეთეს დამოკიდებულებას იმსახურებდა.
9. ფრენკ ლამპარდი (82 მატჩი, 20 გოლი)
ფრენკ ლამპარდმა ევრო 2004-ზე 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ტურნირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, 2004 და 2005 წლებში ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო 2006 წლის მუნდიალის შესარჩევში ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ასაკი მას ვერაფერს აკლებდა: 30-ე დაბადების დღის შემდეგ ლამპარდმა ნაკრებში 15 გოლი გაიტანა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია (16 გოლი, თუ ჩავთვლით გერმანიის კარში შეცდომით გაუქმებულ გოლს 2010 წლის მუნდიალზე). დღემდე ლამპარდი ნახევარმცველებს შორის ინგლისის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია.
8. პოლ სქოულზი (66 მატჩი, 14 გოლი)
სვენ გორან ერიქსონი სქოულზს ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელს უწოდებდა: „იუნაიტედის“ რიგებში „ტრებლის“ მომგებ სქოულზს თითქოს კეფაზეც თვალები ჰქონდა, მან ყოველთვის იცოდა, რა ხდებოდა მის გარშემო. პოლს არაერთი ულამაზესი გოლი აქვს გატანილი, პარალელურად ის მოედნის ცენტრში ბურთისთვის ბრძოლაც ეხერხებოდა. სამწუხაროდ, ნაკრებში ხშირად ის მისთვის უჩვეულო პოზიციაზე თამაშობდა, რამაც, დიდწილად, აიძულა სქოულზი, 29 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაესრულებინა.
7. რიო ფერდინანდი (81 მატჩი, 3 გოლი)
ფერდინანდი კემპბელთან და ტერისთან ერთად ნაკრების დაცვის ხაზის ბურჯი იყო. რიოს ევროპის ჩემპიონატებზე არ უთამაშია, თუმცა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა „სამი ლომის“ გამოსვლაში 2002 და 2006 წლის მუნდიალებზე, სადაც ინგლისის ნაკრებმა 10 მატჩში 7-ჯერ შეინახა კარი მშრალად. ფერდინანდი კარგად უმკლავდებოდა ზეწოლას, იყო ტექნიკური, და ამავე დროს სწრაფი, რაც 5-მცველიანი ტაქტიკური სქემით თამაშის დროს მას პარტნიორების დაზღვევის შესაძლებლობას აძლევდა. კაპელოს გადაწყვეტილებით, 2010 წლის მუნდიალზე რიოს ნაკრებისთვის უნდა ეკაპიტნა, თუმცა ფერდინანდმა ტურნირი ტრავმის გამო გამოტოვა და საუკეთესო ფორმა ვეღარ აღიდგინა.
6. მაიკლ ოუენი (89 მატჩი, 40 გოლი)
ინგლისელი გულშემატკივრების უმეტესობას კარგად ახსოვს ოუენის ჰეთ-თრიკი გერმანიის ნაკრების კარში, რამაც 2001 წელს მას ოქროს ბურთიც მოუტანა. კარიერის ამ ეტაპზე ოუენის შემჩერებელი არავინ იყო. ის იყო სწრაფი, ჭკვიანი, ტექნიკური, ყოველთვის სწორად ირჩევდა ადგილს საჯარიმოში - შეტევების მასზე უკეთესი დამაგვირგვინებელი ნაკრებს არ ჰყოლია. „როდესაც ის მოედანზეა, იცი, რომ ყოველთვის არსებობს შანსი, მატჩი ბოლო წუთზეც კი მოიგო“, - ამბობდა ერიქსონი მაიკლ ოუენზე. სამწუხაროდ, 2006 წლის მუნდიალზე მან მძიმე ტრავმა მიიღო და ძველ ფიზიკურ კონდიციებს ვეღარ დაუბრუნდა.
5. ეშლი კოული (107 მატჩი)
ალბათ, კოული „ოქროს თაობის“ ერთადერთი წარმომადგენელია, რომელმაც მთელი თავისი პოტენციალი გამოიყენა. 2002-2012 წლებში ინგლისის ნაკრებს უფრო სტაბილური ფეხბურთელი არ ჰყოლია. 2016 წელს კრიშტიანუ რონალდუმ ის ყველაზე ძლიერ ოპონენტად დაასახელა და აღნიშნა, რომ „კოული მას ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა“. ეშლი კოული წარმატებით ანეიტრალებდა მის ფლანგზე მოქმედ შემტევებს, თუმცა ასევე ეფექტურად ერთვებოდა შეტევებში და მიუხედავად იმისა, რომ ნაკრების მაისურით გოლი არ გაუტანია, მის ანგარიშზე არაერთი საგოლე პასი იყო.
4. სტივენ ჯერარდი (114 მატჩი, 21 გოლი)
4-4-2 სათამაშო სქემისადმი ერიქსონის ერთგულება გახდა მიზეზი, რის გამოც ჯერარდმა და ლემპარდმა თავისი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინეს. ერთ-ერთ მათგანს ყოველთვის უწევდა დაცვაზე ფიქრი და შემტევის ინსტინქტების ჩახშობა. მოედანზე ჯერარდს ყველაფრის გაკეთება შეეძლო - 2001 წელს გერმანიასთან 5:1 მოგებულ მატჩში ყველა ოუენმა დაჩრდილა, თუმცა ჯერარდმა ულამაზესი გოლი გაიტანა და შემდეგ კიდევ 20-ჯერ დაამწუხრა „სამი ლომის“ ოპონენტები.
3. ჰარი კეინი (100 მატჩი, 68 გოლი)
ინგლისის ნაკრებში კეინზე მეტი გოლი არავის აქვს გატანილი. მის ანგარიშზეა ჰეთ-თრიკები ალბანეთისა და სან-მარინოს წინააღმდეგ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 15 გოლი კეინმა სწორედ დიდ ტურნირებზე გაიტანა. კეინი ერთ-ერთია იმ სამი ფეხბურთელიდან, რომელთაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ოქროს ბუცი მოუგიათ. თითქმის 10 წელია ის ინგლისის ნაკრების მთავარი ფორვარდია, 6 წელია რაც „სამ ლომს“ კაპიტნობს და თანაც, ჯერ მხოლოდ 31 წლისაა. თუ ჰარი ამჟამინდელ ფორმას შეინარჩუნებს, ის შესაძლოა სულ მცირე კიდევ ორ დიდ ტურნირზე ვიხილოთ.
2. დევიდ ბექჰემი (115 მატჩი, 17 გოლი)
როდესაც ინგლისის ნაკრებში ბექჰემის კარიერას ვიხსენებთ, პირველ რიგში ფრაზა „საკულტო ფიგურა“ გვახსენდება. დევიდი ნაკრების კაპიტანი 2000 წელს გახდა და მას შემდეგ მოედანზე ყოველთვის 100%-ით იხარჯებოდა. 2002 წლის მუნდიალზე ინგლისის ნაკრები სწორედ საბერძნეთის კარში ბექჰემის მიერ გატანილი ულამაზესი საჯარიმო დარტყმის შედეგად მოხვდა. ასევე მისი გოლით დაამარცხა ინგლისმა ეკვადორი და 2006 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში გავიდა. როდესაც ნაკრებს გადარჩენა სჭირდებოდა, ბექჰემის მარჯვენა ფეხი ერთგვარი ჯადოსნური ჯოხი იყო.
1. უეინ რუნი (120 მატჩი, 53 გოლი)
ამ რეიტინგის სათავეში რუნის დასახელება რთული არ ყოფილა. მან ნაკრების მაისურით ყველაზე ახალგაზრდა ასაკში გაიტანა, ჩაატარა ყველაზე მეტი მატჩი მოედნის ფეხბურთელებს შორის და ნაკრების ღირსებას 15 წლის განმავლობაში იცავდა. 18 წლის ასაკში რუნიმ მთელი მსოფლიო ევრო 2004-ზე ნაჩვენები თამაშით მოხიბლა. ის იყო უშიშარი, აგრესიული, სწრაფი, ტექნიკური - გაიტანა 4 გოლი სამ მატჩში და ინგლისი მეოთხედფინალში გაიყვანა, თუმცა, სამწუხაროდ, პორტუგალიასთან მატჩში ტრავმა მიიღო და ვინ იცის, რომ არა ის ტრავმა, ინგლისს არა მხოლოდ იმ მატჩის, არამედ მთლიანობაში ტურნირის მოგებაც შეეძლო. ევრო 2012-სა და 2014 წლის მუნდიალზე მოხვედრას ინგლისი უეინ რუნის უნდა უმადლოდეს, რომელმაც ჰოჯსონის ფერმკრთალ გუნდს უკაპიტნა. უეინის სანაკრებო კარიერა მხოლოდ ერთი სიტყვით შეიძლება დახასიათდეს - ის იყო შესანიშნავი.