საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, მიკოლა კოვტალიუკი
Aa
Aa

„ნელი მცველები ჰყავთ და ეს უნდა გამოვიყენოთ“ - კოვტალიუკი საქართველოს ნაკრებზე

გორის „დილას“ ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად, უკრაინული „ვორსკლას“ შემტევმა, მიკოლა კოვტალიუკმა უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების მატჩზე ისაუბრა. უკრაინელმა ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრების სუსტ მხარეებზე თავისი მოსაზრება დააფიქსირა.

რას ამბობს კოვტალიუკი:

კარიერის ეტაპი საქართველოში: ჩემი კარიერის ამ პერიოდით კმაყოფილი ვარ. სხვათა შორის, ახლახან გამოვთვალე, რომ 2017 წელს, როდესაც საქართველოში ვთამაშობდი, ჩემპიონატში 17 ისეთი ფეხბურთელი თამაშობდა, რომლებიც დღეს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავენ. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარის, გიორგი მამარდაშვილის კარში კი გოლიც მაქვს გატანილი, როდესაც ის „ლოკომოტივში“ თამაშობდა, მე კი „დილაში“ ვიყავი. იმავეს ვუსურვებ უკრაინის ნაკრებს 11 ოქტომბერს, პოზნანში.

ასევე, ჩვენი გზები გადაიკვეთა ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევაშიც. ცოტა ხნით, თბილისის „დინამოში“ ერთად ყოფნა მოგვიწია. ასევე, კარგად ვიცნობ ბუდუ ზივზივაძეს, 2018 წელს, საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირობისთვის ბრძოლაში, ის ჩემი მთავარი კონკურენტი იყო. ზივზივაძე დედაქალაქური კლუბის ლიდერი იყო - 35 მატჩში 22 გოლი გაიტანა, მე კი მეორე ადგილზე გავედი - 21 გოლით.

ლეგიონერების სიმრავლის შესახებ: კლუბებისგან განსხვავებით, ასაკობრივი ნაკრებები საერთაშორისო ასპარეზზე საკმაოდ თავდაჯერებულად გამოდიან. ამით, სკაუტების ყურადღებას იპყრობენ და მათთან კონტაქტს ამყარებენ. გარდა ამისა, ბოლო წლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ინფრასტრუქტურის განვითარებაში სერიოზული თანხების ინვესტიცია დაიწყო, ასევე, ამზადებენ სამწვრთნელო პერსონალსაც. კლუბები კი ამის გადაღებას ცდილობენ.

რა არის საქართველოს ნაკრების ძლიერი მხარე? წარსულში, ადგილობრივი ფეხბურთელები არაპროფესიონალიზმს განიცდიდნენ. მათთვის მთავარი იყო, რომ ტრიბუნების ოვაცია რაიმე ცრუ მოძრაობით გამოეწვიათ, შემდეგ ბურთს კარგავდნენ და დაცვაში აღარ ბრუნდებოდნენ. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. საქართველოს ნაკრები საკმაოდ დისციპლინირებულად მუშაობს და იცის, თავი როგორ უნდა დაიცვას. უმეტეს შემთხვევაში 5-3-2 ფორმაციით თამაშობს, თუმცა, პირველივე შესაძლებლობისთანავე შეტევაზე სწრაფად გადადის. რა თქმა უნდა, ერთი რამ, რასაც ქართველებს ვერ წაართმევ, ბურთთან მეგობრული ურთიერთობაა. როდესაც გამბედავად თამაშობენ, ძალიან სახიფათოები ხდებიან. ევრო 2024-ზე წარმატების შემდეგ, მათ თავისი შესაძლებლობების კიდევ უფრო ირწმუნეს. თითოეულ ხაზს თავისი ლიდერი ჰყავს: მეკარე მამარდაშვილი ვალენსიადან, მცველი გურამ კაშია სლოვანიდან, ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდიდან, ფორვარდები ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიდან და გიორგი მიქაუტაძე ლიონიდან.

გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა, ამაზე კი მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი თავის შტაბთან ერთად ზრუნავს. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი 2021 წელს გახდა და თავიდან ყველაფერი კარგად არ დაიწყო, მაგრამ თანდათან ფეხბურთელებთან საერთო ენა იპოვა და ამან მისი პოზიციებიც გაამყარა.

აქვს, თუ არა საქართველოს ნაკრებს სუსტი მხარეები? რატომაც არა... მათ საკმაოდ ნელი მცველები ჰყავთ, განსაკუთრებით ცენტრალური, თუმცა, ფიზიკურად ძლიერები არიან, არტემ დოვბიკს ერთი-ერთზე ბრძოლა არ გაუჭირდება. ჩემი აზრით, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მოძრავი და აქტიური იქნება ჩვენი ფლანგები, იქნება თუ არა მიზნობრივი ჩარბენები და გამჭოლი პასები. პოზიციურ ბრძოლაში ქართველებთან წინააღმდეგობის გაწევა რთული იქნება. სასურველია, მათ ნახევარზე დარჩენა მაღალი პრესინგის დახმარებით. ამით საქმე უნდა გავურთულოთ და შეცდომების დაშვება ვაიძულოთ.

ცნობისთვის, მიკოლა კოვტალიუკი კარიერის განმავლობაში გორის „დილას“, თბილისის „დინამოს“ და „კოლხეთი 1913“-ის ღირსებას იცავდა, ახლა კი უკრაინის ჩემპიონატში თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების დაპირისპირება პოლონეთის ქალაქ პოზნანში, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტექნიკური გუნდი ჰყავთ“ | უკრაინელი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებზე
„ტექნიკური გუნდი ჰყავთ“ | უკრაინელი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებზე