გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

„მამარდაშვილის შეძენა სწორი გადაწყვეტილება იყო“ | Goal-ის სტატია ლივერპულზე

ავტორიტეტულმა გამოცემამ, Goal-მა „ლივერპულში“ შექმნილ მდგომარეობას სტატია მიუძღვნა და ალისონ ბეკერის ტრავმას გამოეხმაურა. „ალისონი ალბათ ლივერპულის ყველა დროის საუკეთესო მეკარეა, მაგრამ წითლების გადაწყვეტილება, რომ მომავალი ტრავმისკენ მიდრეკილი ბრაზილიელის გარეშე დაგეგმონ, სწორი აღმოჩნდა“, - ასეთია Goal-ის სტატიის სათაური და სპორტული გამოცემა გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე ამახვილებს ყურადღებას.

„ბოლო წლის განმავლობაში აშკარა გახდა, რომ ალისონი არაა მეკარე, რომლის იმედიც შეგიძლია მთელი სეზონით გქონდეს. არნე სლოტი 7 თამაშია ლივერპულის მთავარი მწვრთნელია და ბრაზილიელი მეკარე ნიდერლანდელი სპეციალისტის გუნდს უკვე ორჯერ ვერ დაეხმარა.

წითლებს გაუმართლათ, რომ ალისონმა ტრავმა სანაკრებო პაუზამდე მიიღო, მაგრამ სლოტი ვარაუდობს, რომ ბრაზილიელი დროულად ვერ გამოჯანმრთელდება და მოახლოებულ შეხვედრებში, რომლებშიც ლივერპულს რთული მეტოქეები ეყოლება, ვერ ითამაშებს. ალისონმა, მხოლოდ 2024 წელს, ბარძაყის უკანა კუნთის 3 ტრავმა მიიღო და ეს აშკარას ხდის თუ რატომ გადაწყვიტა ლივერპულმა ზაფხულში მეკარის შეძენა. ბრაზილიელი მეკარე ალბათ წითლების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერია, მაგრამ მისმა ტრავმიანობამ ენფილდზე შეშფოთება გამოიწვია და მერსისაიდელებმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს, რაც გასაკვირი საერთოდ არაა.

ზაფხულში, ლივერპულმა ორი გარიგება დახურა. წითლებმა ფედერიკო კიეზა და გიორგი მამარდაშვილი შეიძინეს. მამარდამ ევროპის ჩემპიონატზე საოცრად იასპარეზა და დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაძლია. მიუხედავად ამისა, ალისონისა და კელეჰერის გუნდში ყოფნის გამო, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ლივერპულს სხვა მეკარე არ სჭირდებოდა.

მამარდაშვილი ენფილდზე მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გადავა, რაც ნიშნავს, რომ კელეჰერი გუნდში ძალით დატოვეს. მართალია, მერსისაიდელები მას სწორად არ მოექცნენ, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ ენფილდის ბინადრებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ლივერპულში მივიდნენ დასკვნამდე, რომ კელეჰერი სათანადო დონის მეკარე არაა, რათა ალისონის მემკვიდრე გახდეს და ახალგაზრდა მეკარე სწორედ ამიტომ მოიყვანეს. მამარდაშვილი ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერია და 2022/23 წლების სეზონიდან მოყოლებული, პრაქტიკულად ყველა მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამ მხრივ, მასსა და ალისონს შორის კონტრასტი აშკარაა. შეიძლება, კელეჰერის გუნდში დატოვება სასტიკი არჩევანი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ კლუბმა სწორად იმოქმედა. მამარდაშვილს რაც შეეხება, მისი გასულ ზაფხულში გაფორმება, სატრანსფერო მასტერკლასს წააგავს“, - წერს Goal-ი.

შეგახსენებთ, რომ ალისონის ტრავმის გამო, იწერებოდა, რომ „ლივერპული“ მამარდაშვილს ზამთარში გადაიყვანდა, მაგრამ „ვალენსიამ“ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, 5,5 მილიონზე უარი თქვა“ | იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე
„კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, 5,5 მილიონზე უარი თქვა“ | იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე