„MMA-ს ექსპერტები გახდნენ და ბევრს ლაპარაკობენ“ | ჰოლოუეი ილიასთვის ემზადება
მაქს ჰოლოუეი ილია თოფურიასთან გასამართი საჩემპიონო მატჩისთვის ემზადება. „დალოცვილმა“ Youtube-ის საკუთარ არხზე ვიდეო გამოაქვეყნა და „ელ მატადორთან“ მოახლოებულ დაპირისპირებაზე მოკლედ ისაუბრა.
„უდიდესი სამუშაო გავწიე, რათა ამ დონეზე დავბრუნებულიყავი. ვიღაცები ამბობდნენ, რომ ჩემი დრო წასული იყო, ყურადღება სხვა რაღაცებზე უნდა გადამეტანა და ამ სპორტს ჩამოვშორებოდი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ახლა აქ ვარ და ტიტულისთვის ვჩხუბობ მებრძოლთან, რომელიც ახალი თაობის წარმომადგენელია.
ერთი სული მაქვს, ილიასთან როდის ვიჩხუბებ და ჩემი და თოფურიას ბრძოლის გარშემო უდიდესი მოლოდინია შექმნილი. 27 ოქტომბერს ჩანიშნული ჩხუბი არ გამოტოვოთ, მაგარი სანახაობა გელოდებათ. მოუთმენლად ველოდები, როდის გაჩვენებთ რაზე ვმუშაობთ ბოლო თვეებია. ბევრი ადამიანი MMA-ს ექსპერტი გახდა და სისულელეებს ამბობენ. ერთი სული მაქვს, ოქტაგონზე როდის გავალ და როდის გაჩვენებთ, რაზე ვმუშაობდით“.
შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ჰოლოუეის ჩხუბი UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება. ღონისძიება აბუ-დაბიში გაიმართება და ილიასა და მაქსის დაპირისპირებას 27 ოქტომბერს, თბილისის დროით დაახლოებით ღამის 3-4 საათზე ვიხილავთ.