„კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, 5,5 მილიონზე უარი თქვა“ | იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, რაფაელე აურიემამ Tele A-ს ეთერში „ნაპოლის“ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
აურიემა გამოეხმაურა არაერთ გამოცემაში გავრცელებულ ინფორმაციას კვარას ახალი კონტრაქტის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე და განაცხადა, რომ ქართველი შემტევი „ნაპოლისთან“ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.
რას ამბობს იტალიელი ჟურნალისტი:
„ხშირად მესმის საუბარი კვარას ახალ კონტრაქტზე. ზოგიერთები ამტკიცებდნენ, რომ ეს [კონტრაქტის გახანგრძლივება] გარდაუვალია კიდეც. ახლა თავს შევიკავებ ზოგიერთი მედიასაშუალების დასახელებისგან, სადაც საუბარი იყო „თითქმის მიღწეულ შეთანხმებაზე“, მაგრამ ყველა ხედავს, რომ ეს შეთანხმება ჯერაც არაა მიღწეული. ჩემი აზრით, კვარაცხელია კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. ნაპოლიმ მას 5,5 მილიონი ევრო შესთავაზა, ქართველმა ფეხბურთელმა კი უარით უპასუხა“.
რამდენიმე დღის წინ იტალიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვა ანაზღაურების სახით 8 მილიონ ევროს ითხოვს, რაზეც „ნაპოლის“ ხელმძღვანელები უარს ამბობენ და ამის გამო მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.
აქვე გეტყვით, რომ მოქმედი კონტრაქტი კვარას „ნაპოლისთან“ 2027 წლამდე აკავშირებს, ხოლო მისი მოქმედი ხელფასი წელიწადში 1,5 მილიონი ევროა.
7 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 16 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, ხვიჩა კვარაცხელიას კი 7 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ, 20 ოქტომბერს საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ წინააღმდეგ გამართავს.