„ვამაყობ, რომ ქართველი ვარ, ჩემი ოცნება მსოფლიოზე თამაშია“ | კვარას ინტერვიუ
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ FIFA-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. „კვარამ“ კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიასთან გამართული მატჩი გაიხსენა, საკუთარ ოცნებებზე ილაპარაკა და იმ ფაქტსაც შეეხო, რომ ახლახან მამა გახდა.
FIFA: „ახლახან მამა გახდი და პირველი შვილი შეგეძინა. რა შეგრძნებაა?“
„ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა და უეცრად, უდიდესი პასუხისმგებლობა ვიგრძენი, რომელსაც მამობა ჰქვია. ჩემი შვილის დაბადებამ ძალიან გამაბედნიერა და ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ყოველდღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედი მაქვს, ასეთ ბედნიერებას ყველა ადამიანი გამოცდის“.
FIFA: „ბოლონიასთან გატანილი გოლი შვილს მიუძღვენი. შეგცვალა თუ არა მამობამ, როგორც ფეხბურთელი?“
„უეცრად, უფრო მოტივირებული გავხდი. გარდა ამისა, მეტს მუშაობ, რადგან იცი, რომ ყველაფერს, რასაც აკეთებ, შენი შვილისთვის აკეთებ. ვიცი, რომ როცა ჩემი შვილი გაიზრდება, ამ ყველაფერს ნახავს და ეს მაბედნიერებს. ეს ემოციები ძლიერს მხდის და ვცდილობ, ისინი მოედანზე გადავიტანო. გოლებს მას ვუძღვნი, რადგან მინდა საკუთარი თვალით ნახოს, როცა გაიზრდება და იმედია, ისიც ფეხბურთელი გახდება“.
FIFA: „რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც შენს შვილს ასწავლი?“
„პირველ რიგში, მინდა, ვასწავლო, რომ ძლიერი იყოს. ცხოვრება გამოწვევებითაა სავსე. საჭიროა იპოვო გზები, რომლებითაც მათ გადალახავ და როცა დაეცემი, წამოდგომის ძალა უნდა გქონდეს. მინდა, მან ყველა დაბრკოლება გადალახოს და თითოეულ გამოწვევასთან მიმართებით, რომელსაც ცხოვრება მოუწყობს, შეუპოვრობა გამოიჩინოს. სხვა კონკრეტული რჩევა ჯერ არ მაქვს“.
FIFA: „როგორი ბავშვი იყავი? რა იყო პატარა კვარაცხელიას ოცნება?“
„ყოველთვის ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი, მაგრამ თავდაპირველად, ეს ოცნება რეალური არ ჩანდა. როცა საქართველოს ნაკრების თამაშს დავესწარი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს მოედანზე გავიდოდი და ტრიბუნებზე მყოფი ბავშვები მე მიგულშემატკივრებდნენ. ვისწავლე, რომ თუ თავდადებული ხარ და მაქსიმუმს აკეთებ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ოცნებები ხდება და ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებში თამაშის ოცნება აისრულა!“.
FIFA: „რას ნიშნავს შენთვის საქართველოს ნაკრების ღირსების დაცვა?“
„მინდა, ჩემი ქვეყნისთვის რაღაც განსაკუთრებული გავაკეთო. ძალიან ვამაყობ იმით, რომ ქართველი ვარ. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში დავიბადე და ამ უდიდესი ისტორიის მქონე ქვეყნის შვილი ვარ. რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა საქართველომ ჩემით იამაყოს“.
FIFA: „კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიას გაუტანე. რამდენად საოცარი იყო მის წინააღმდეგ თამაში?“
„ევრო 2024-ზე, პორტუგალიასთან გამართული შეხვედრა უმნიშვნელოვანესი მატჩი იყო. ვითამაშე ფეხბურთელის წინააღმდეგ, რომელსაც ბავშვობიდან თვალს ვადევნებდი და ვაღმერთებდი. შეხვედრის დაწყებამდე ჩემს თავს ვუთხარი, შენი მომენტი დგას-მეთქი და ვიცოდი, რომ აუცილებელი იყო, საკუთარი უნარები მოედანზე წარმომეჩინა. საკუთარი კერპის წინააღმდეგ ასპარეზობა უდიდესი მოტივაციაა და საოცარი შეგრძნება იყო. რონალდუ ჩემთან მოვიდა და წარმატება მისურვა. ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვიყავი და მჯეროდა, რომ საქართველო გაიმარჯვებდა. იმ საღამოს, ყველაფერი გავიღე და ჩემს ქვეყანას ისტორიული შედეგის დაფიქსირებაში დავეხმარე“.
FIFA: „2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მარტში იწყება. რას ნიშნავს შენთვის მსოფლიოზე თამაში?“
„ბოლო თვეებში ვაჩვენეთ, რომ საქართველოს ნაკრებს ბევრად მეტი შეუძლია. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ოცნება რეალობად ვაქციოთ და მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშოთ. გვჯერა, მიზნის მიღწევა შეგვიძლია და მთავარი სწორედ ესაა. გარდა ამისა, გვაქვს უნარი და ხასიათი, რომ ოცნება ავიხდინოთ“.
FIFA: „რომელი საფეხბურთო კომპონენტის გაუმჯობესებაზე მუშაობ?“
„ყველა ფეხბურთელს აქვს კომპონენტი, რომლის გაუმჯობესებაც მართებს და გამონაკლისი არც მე ვარ. მიზნის მიღწევა ვარჯიშითა და შეუპოვრობითაა შესაძლებელი. დეტალებს არ ჩავუღრმავდები და ვიტყვი, რომ ყველა ასპექტის გაუმჯობესება მინდა“.
FIFA: „რა ოცნებები გაქვს უახლოეს წლებში?“
„ყველაზე მეტად, საქართველოს ნაკრებთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაზე ვოცნებობ, ნაპოლისთან ერთად კი ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა. იმედია, ჩემს ოცნებებს რეალობად ვაქცევ. საკლუბო დონეზე ტიტულების მოგება ნებისმიერი ფეხბურთელისთვის უმნიშვნელოვანესია, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშზე კი ყველა ქართველი ოცნებობს. ვფიქრობ, ეს ღირსეული გაგრძელება იქნება იმ ისტორიისა, რომელიც საქართველოს ნაკრებში ჩვენამდე მოთამაშე ფეხბურთელებმა დაწერეს. გვინდა, მათ ნაბიჯებს გავყვეთ, მიზანს მივაღწიოთ და საქართველომ ჩვენით იამაყოს“.
შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნები“ მომდევნო შეხვედრას ერთა ლიგის ეგიდით გამართავენ. 11 ოქტომბერს, თბილისის დროით, 22:45-ზე, ვილი სანიოლის ბიჭები პოზნანში უკრაინას დაუპირისპირდებიან.