ბარსელონა, სერხიო აგუერო
Aa
Aa

აგუერო ბარსელონას უჩივის - რას მოითხოვს ყოფილი ფეხბურთელი

სერხიო აგუერომ „ბარსელონას“ უჩივის და 3 მილიონ ევროს მოითხოვს. არგენტინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მიიჩნევს, რომ „ბლაუგრანამ“ მას 1 სეზონის ხელფასი უნდა გადაუხადოს.

2021 წლის ზაფხულში, აგუერომ „მანჩესტერ სიტი“ დატოვა და „ბარსელონასთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

იმავე წლის 30 ოქტომბერს, კატალონიელები „ალავესს“ დაუპირისპირდნენ, სერხიო კი 41-ე წუთზე, გულის არეში დისკომფორტის გამო შეცვალეს.

მაშინ კლუბმა განაცხადა, რომ არგენტინელი, გულის პრობლემის გამო, 3 თვეს გამოტოვებს. 15 დეკემბერს ფეხბურთელმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

აგუერომ უარი თქვა მეორე სეზონის ხელფასზე, მაგრამ განაცხადა, რომ იმედი აქვს, კლუბი პირველი წლის ანაზღაურებას გადაუხდის.

„ბარსა“ მის მოთხოვნას დაეთანხმა, თუმცა სურდა 3 მილიონი ევრო დაზღვევის ხარჯზე გადაეხადა. თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანიამ ამ თანხის ანაზღაურებაზე უარი თქვა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ აგუეროს გულის პრობლემა ჯერ კიდევ „ბარსელონაში“ გადასვლამდე ჰქონდა. ფეხბურთელის წარმომადგენლების მტკიცებით კი, აგუეროს მანამდე სხვა სახის გული პრობლემა ჰქონდა.

მედიის ცნობით, სასამართლო პროცესი ჯერ არ დაწყებულა და არგენტინელს სურს, რომ საკითხი ზედმეტი ხმაურის გარეშე გადაწყდეს.

შეგახსენებთ, რომ სერხიო აგუერომ საფეხბურთო კარიერაში პირველი ნაბიჯები სამშობლოში, კონკრეტულად კი „ინდეპენდიენტეში“ გადადგა.

2006 წელს სერხიო ფეხბურთის სათამაშოდ ევროპაში წავიდა და მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორმა მოირგო. გულშემატკივრებმა კუნი სწორედ „როხიბლანკოდან“ გაიცნეს.

მადრიდული კარიერის შემდეგ „მანჩესტერ სიტის“ ჯერი დადგა, სადაც 33 წლის შემტევმა ფეხბურთის და „ქალაქელების“ ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. აგუერომ მანჩესტერულ გრანდში 10 წელი დაჰყო და გულშემატკივრებს თავი არაერთი ულამაზესი და მნიშვნელოვანი გოლით დაამახსოვრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ მეგონა, რომ ეს დღე დადგებოდა“ - ინიესტა კარიერის დასრულებაზე
„არ მეგონა, რომ ეს დღე დადგებოდა“ - ინიესტა კარიერის დასრულებაზე