ზურიკო დავითაშვილი, ჰალიდ დოლტმურზიევი, გაბრიელე ჯერვაზი
Aa
Aa

ზურიკო ფანტასტიკურია, დოლტმურზიევი საინტერესო მოთამაშეა - ჯერვაზიმ ქართველებზე ისაუბრა

თბილისის „დინამოს’’ აკადემიის ექს-ხელმძღვანელმა, იტალიელმა გაბრიელე ჯერვაზიმ La Fiera del Calcio-სთან ბევრ სხვა თემასთან ერთად ზურიკო დავითაშვილისა და ჰალიდ დოლტმურზიევის შესახებ ისაუბრა.

ჯერვაზის საუბრიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა, თუ რამდენად დიდი პრობლემაა ქართველი ფეხბურთელებისთვის არაევროკავშირელის სტატუსი. ჯერვაზი აღნიშნავს, რომ ზურიკო დავითაშვილი რამდენიმე იტალიურ კლუბს შესთავაზა, თუმცა ტრანსფერი არაევროკავშირელის პასპორტის გამო არ გამოვიდა. ჰალიდ დოლტმურზიევთან დაკავშირებით განსხვავებული ვითარებაა, რადგან მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს, საქართველოსი და ბელგიის.

„ჰალიდ დოლტმურზიევი „ბრიუგეს’’ აკადემიაშია, ძალიან საინტერესო მოთამაშეა. ცოტათი მიქაუტაძეს ჰგავს. იტალიური კლუბებისთვის ქართველი ფეხბურთელები არაერთხელ შემითავაზებია, თუმცა არაევროკავშირელთან დაკავშირებით შეზღუდვებს ყოველთვის ვაწყდებოდით. მაგალითად, რამდენიმე იტალიურ კლუბს ზურიკო დავითაშვილი შევთავაზე, რომელიც ფანტასტიკური ფეხბურთელია, ლიგა 1-ის გასულ ტურში ჰეთ-თრიკი შეასრულა. არაევროკავშირელის სტატუსი ტრანსფერების განხორციელებას ხელს უშლის.

რაც შეეხება ჰალიდ დოლტმურზიევს, მას ორმაგი პასპორტი აქვს, საქართველოსი და ბელგიის მოქალაქეა. ამ ბიჭს კლუბებმა თვალი უნდა ადევნონ, ახლა ის UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაზე ითამაშებს. ეტაპობრივად გაიზრდება და პროგრესს აჩვენებს, ძალიან საინტერესო მოთამაშეა’’.

შეგახსენებთ, 17 წლის ჰალიდ დოლტმურზიევი „ბრიუგეს'' აკადემიის ფეხბურთელია. 2023 წლის მაისში საქართველოს ნაკრების სახელით თამაში გადაწყვიტა, მიმდინარე წელს ელიტ-რაუნდში საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში სამივე მატჩში ითამაშე, თურქეთთან გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა. გასულ თვეში, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს, როცა ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდმა სლოვაკეთთან ამხანაგური მატჩები გამართა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები