სანდრო ნარიმანიძე
Aa
Aa

კარლსრუეშია და აიხნერი აკვირდება | საინტერესო ფაქტები სანდრო ნარიმანიძეზე

გერმანულ „კარლსრუეში’’ სინჯებზე „იბერია 1991’’-ს 19 წლის ცენტრალური მცველი სანდრო ნარიმანიძე იმყოფება. 2 დღეა, რაც „კარლსრუეს’’ მთავარი მწვრთნელის, კრისტიან აიხნერის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს, პირველ გუნდს დღეს ორჯერადი ვარჯიში ჰქონდა, სანდრომ ორივეში მიიღო მონაწილეობა.

CrystalSport-ის ცნობით, სანდრო გერმანულ კლუბში პარასკევამდე დარჩება და შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება, თუმცა ცხადია გერმანული კლუბი მასზე დაკვირვებას გააგრძელებს.

სანდროს უკეთ გასაცნობად მის შესახებ უცნობ და საინტერესო ფაქტებს გთავაზობთ.

სანდრო ცაცია ცენტრალური მცველია, ფიზიკური სიძლიერის გარდა ტექნიკურია. კარგია მაღალ ბურთებზე მოქმედებისას, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში თამაშისას.

სანდრო სპორტსმენის ოჯახიდანაა, მისი მამა თემურ ნარიმანიძე ყოფილი მორაგბეა. გარდა იმისა, რომ ნიჭიერი და შრომისმოყვარე ფეხბურთელია, სწავლითაც გამოირჩევა. 51-ე საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. ეროვნულ გამოცდებზე საკმაოდ მაღალი ქულები აიღო. მაგალითად, ინგლისურის გამოცდაში, სადაც 70 ქულა მაქსიმალურია, სანდრომ 60 ქულა აიღო. ინგლისურ ენაზე საუბარი ევროპულ ფეხბურთში ადაპტირებისას ძალიან მნიშვნელოვანია და სანდროს ეს პრობლემა არ აქვს. ასევე, ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირებაზე სწავლობს.

სანდრო „იბერია 1999’’-ის აღზრდილია, 6 წლიდან აღნიშნული კლუბის აკადემიაში ირიცხებოდა. პირველ გუნდში სადებიუტო მატჩი გასულ წელს თბილისის „დინამოსთან’’ ჩაატარა, გიორგი მიქაძემ ცვლილებაზე ათამაშა. მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა (3 სასტარტო).

ტანმაღალი (1,92 მ) ცენტრალური მცველი გოლების გატანითაც გამოირჩევა, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 გოლი გაიტანა, უნგრეთთან მისი გოლი გამარჯვების იყო (2021), ჩეხეთთან კი ანგარიში გახსნა (2022).

19-წლამდელთა შორის 2023 წლის საქართველოს საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ალექსანდრე ჩივაძის სახელობის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ვასილ მაისურაძის ფორმაციის საქართველოს 18 და 19-წლამდე ნაკრებების კაპიტანი იყო.

ასევე გეტყვით, რომ მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ სანდრო შეკრებაძე გამოიძახა და ყაზახეთთან ამხანაგურ მატჩში ათამაშა (მეორე ტაიმი სრულად).

მასალაში გამოყენებულია „იბერია 1999''-ის პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები