უკრაინა-საქართველოს მატჩს ავსტრიელი მსაჯების ბრიგადა მოემსახურება
ერთა ლიგის B დივიზიონის უკრაინა-საქართველოს მატჩს, რომელიც 11 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება, ავსტრიელი მსაჯების ბრიგადა მოემსახურება. ინფორმაცია ამის შესახებ უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
შეხვედრის მთავარი არბიტრი 39 წლის იულიან ვაინბერგერი იქნება. მსაჯის ასისტენტები ანდრეას ჰაიდენრაიხა და მაქსიმილიან კოლბიჩი იქნებიან. მეოთხე არბიტრის ფუნქციებს შტეფან ებნერი შეასრულებს.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან მატჩისთვის მზადება უკვე დაიწყო. 7 ნოემბერს ვილი სანიოლის გუნდმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. სრული შემადგენლობით ჩვენი ეროვნული გუნდი უახლოეს ორ დღეში შეიკრიბება.
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 6 ქულით სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია. ალბანეთსა და ჩეხეთს 3-3 ქულა აქვთ, უკრაინის ნაკრებს კი პირველ ორ ტურში ორი მარცხი, და შესაბამისად, 0 ქულა აქვს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა-საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება, ხოლო მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი 14 ოქტომბერს თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.