„კვარა კვლავ „ნაცემია“, მსაჯის რეაქცია კი დისკუსიას იწვევს“ - იტალიური მედია
ნეაპოლური გამოცემა Areanapoli კვარაცხელიას წინააღმდეგ უხეშობების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ქართველის მიმართ მსგავსი ქმედებები ხშირად დაუსჯელი რჩება.
„კვარა კვლავ ნაცემია, არბიტრის რეაქცია კი დისკუსიას იწვევს“ - წერს Areanapoli.
„კვარაცხელია სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მისი ტექნიკური ხარისხი აშკარად საშუალოზე მაღალია. მეტოქეები მის შესაჩერებლად უმეტესად უკანონო ქმედებებს მიმართავენ. კომოსთან მატჩის შემდეგ, კვარას ფეხი აშკარად შეშუპებული იყო. მისი მდგომარეობა ხშირად ასეთია ხოლმე. სერია A-ს რამდენიმე ფეხბურთელს პრაქტიკულად ყველა მატჩში ამის გავლა უწევს.
არბიტრი მას ანიშნებს, რომ არაფერია და წამოდგეს. ასე ხშირად ხდება. მის წინააღმდეგ დარღვევები როგორც წესი დაუსჯელი რჩება. კვარაცხელია არ არის სიმულანტი მოთამაშე, მას „დაივები“ არ ახასიათებს, პირიქით, ის უაღრესად კორექტული ფეხბურთელია.
ხვიჩა უფრო მეტად უნდა იყოს დაცული იმ უხეშობებისგან, რომელსაც ყველა შეხვედრაში იღებს“.
- წერს Areanapoli.
იტალიელი ჟურნალისტები ხშირად აღნიშნავენ და ამას გასულ სეზონებშიც აკეთებდნენ, რომ კვარას წინააღმდეგ თამაშის დროს მეტოქეები ზღვარსგადასულ უხეშობას იჩენენ, თუმცა არბიტრები შესაბამის ზომებს ამ დრომდე არ იღებენ.