„ფანტასტიკური მწვრთნელია“ - უეინ რუნი ერიკ ტენ ჰაგს იცავს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი „პლიმუთის“ მწვრთნელმა უეინ რუნიმ Sky Sports-ის ეთერში „წითელი ეშმაკების“ ბოლო დროინდელ წარუმატებლობებს გამოეხმაურა და მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი დაიცვა.
რუნის თქმით, ნიდერლანდელი სპეციალისტი რთულ პერიოდს განიცდის, მაგრამ ის ყველაფერს აკეთებს, რათა მდგომარეობა გამოასწოროს.
რა თქვა უეინ რუნიმ:
„დარწმუნებული ვარ, რომ ერიკ ტენ ჰაგი ფანტასტიკური მწვრთნელია. ის ყველგან იგებდა ტიტულებს, სადაც კი უმუშავია, მათ შორის მოგებული აქვს „იუნაიტედშიც“. გეთანხმებით, რომ რთული პერიოდი აქვს, ვფიქრობ, ისიც დაგეთანხმებათ. მინდა, რომ მას ყველაფერი გამოუვიდეს, იმიტომ რომ ხშირად მწვრთნელებს ათავისუფლებენ, შემდეგ კი კლუბს სხვა მწვრთნელზე გადაწყობა უწევს.
ვფიქრობ, მე-14 ადგილზე ყოფნა უსიამოვნოა. „იუნაიტედს“ ტიტულებისთვის ბრძოლა სურს, ასე რომ კლუბში ყველამ იცის, რომ მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. ვიცი, რომ ტენ ჰაგი ყველაფერს აკეთებს ამისთვის.
წინა სეზონშიც ვამბობდი, რომ ფეხბურთელებისგან მეტი ძალისხმევაა საჭირო. ბოლო წლებში კლუბში ბევრი ფეხბურთელი მოვიდა და ბევრი წავიდა. მინდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ისევ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს“.
აღსანიშნავია, რომ „იუნაიტედი“ ზედიზედ სამი ტურია გოლს ვერ იტანს და ყველა ტურნირზე უკვე 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. შვიდი ტურის შემდეგ 8 ქულა „მანიუს“ ბოლოს 35 წლის წინ, 1989-1990 წლების სეზონში ჰქონდა დაგროვებული და საბოლოოდ ის გათამაშება კლუბმა სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციაზე დაასრულა.
აქვე გეტყვით, პრემიერლიგაში ჩატარებული 7 ტურის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 8 ქულა აქვს და ერიკ ტენ ჰაგის გუნდი სატურნირო ცხრილის მე-14 ადგილს იკავებს.
ცნობისთვის, ნიდერლანდელი სპეციალისტი „იუნაიტედში“ 2022 წელს დაინიშნა და კლუბთან ერთად ლიგის თასი და ასოციაციის თასი მოიგო.