„2025 წელს ვიჩხუბოთ“ | თოფურიამ მახაჩევს უპასუხა და რუსი მებრძოლი გამოიწვია
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევს უპასუხა. „ელ მატადორმა“ X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და რუს მებრძოლს, 2025 წელს, ჩხუბის გამართვა შესთავაზა.
„პირადი საზღვრების გადაკვეთა არაფერში მჭირდება, მაგრამ როგორც ჩანს, ბავშვები, რომლებიც დროს შენთან ერთად ატარებენ, ეცდებიან გადაკვეთონ ხაზი, რომლიდანაც უკან ვერ დაბრუნდებიან. მოდი, ბავშვები ამ ყველაფრიდან შორს დავტოვოთ და როგორც ზრდასრულებს შეეფერებათ, საქმე 2025 წელს, ოქტაგონზე მოვაგვაროთ“.
I don’t need to cross lines but it seems like the kids that hang out with you will try to cross a line they can’t come back from. Let’s leave the kids out of it and settle it like adults inside the octagon 2025 ???? https://t.co/19ypdhSCYA
— Ilia Topuria (@Topuriailia) October 7, 2024
ცნობისთვის, თოფურიასა და მახაჩევს შორის განცხადებების გაცვლა-გამოცვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ილიამ „ინსტაგრამის“ ლაივში თქვა, რომ ისლამი შესანიშნავი მებრძოლია, მაგრამ ბევრს ლაპარაკობს. „ელ მატადორის“ მიხედვით, მას მახაჩევთან ქუჩაში ჩხუბი არ სურს, რადგან მაგრად სცემს და სამედიცინო ხარჯების დაფარვა მოუწევს.
ქართველი ჩემპიონის განცხადებამ მახაჩევის გარემოცვის წევრების გაღიზიანება გამოიწვია. ილიას სიტყვებს ბელალ მუჰამადი და უსმან ნურმაგომედოვი გამოეხმაურნენ, მათ შემდეგ კი კომენტარი თავად მახაჩევმაც გააკეთა.