„ლუკაკუს კვარაზე დიდი როლი აქვს“ - იტალიელი ჟურნალისტი
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და გავლენიანი სააგენტო Il Mattino-ს რედაქტორმა, ფრანჩესკო დე კორემ „ნაპოლის“ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდში ხვიჩა კვარაცხელიაზე დიდი როლი რომელუ ლუკაკუს აქვს.
რას ამბობს დე კორე:
„წელს „ნაპოლის“ ერთი მნიშვნელოვანი თვისება აქვს. გუნდს შეუძლია თამაში მაშინაც მოიგოს, როდესაც კარგად ვერ თამაშობს. კონტეს ერთ-ერთი მიზანია, რომ გუნდი კვარაცხელიაზე რაც შეიძლება ნაკლებად დამოკიდებული გახადოს. ამის გამო, ვხედავ, რომ „ნაპოლი“ უფრო მეტად ლუკაკუზე დამოკიდებული ხდება, ის ფუნდამენტური მოთამაშე გახდა და ეს „კომოსთან“ მატჩშიც გამოჩნდა. ამას ისიც განსაზღვრავს, რომ ის ჯერ კიდევ არ არის ტოპ-ფორმაში,მაგრამ გოლებსა და ასისტებს პოულობს. მან კიდევ ერთხელ გამოავლინა პროფესიონალიზმი, როდესაც ამის გამო ნაკრებში თამაშზე უარი თქვა. მალე უფრო კარგად გავიგებთ, თუ სადამდე წაიყვანს ის გუნდს, რადგან შეტევაში თამაში სწორედ მის გარშემო ვითარდება“.
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 7 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დააგროვა, რომელუ ლუკაკუს ანგარიშზე კი 5 მატჩში 3 გოლი და 4 საგოლე პასია.
7 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 16 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. ანტონიო კონტეს გუნდს მომდევნო მატჩი სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 20 ოქტომბერს, საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ წინააღმდეგ ელის.