უკრაინა VS საქართველო - პირველი გამარჯვების მოლოდინი
11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკრაინის ფეხბურთელთა ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს და შეეცდება უეფას ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი ქულები მოიპოვოს. დიახ, რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, ევროპის გასული ჩემპიონატის მონაწილე უკრაინელებს, რომელთაც პლეი ოფის საგზური მხოლოდ და მხოლოდ ბურთების უარესი შეფარდების გამო ვერ მოიპოვეს, ამ ტურნირზე საწყის ორ ტურში ორივე წაგება აქვთ და პარასკევის მატჩი მათთვის შეიძლება უკანასკნელი შანსიც კი იყოს.
მიუხედავად მათი ქვეყნის ეროვნული გუნდის საშინელ ფორმაში ყოფნისა და საქართველოს ნაკრების შეუქცევადი პროგრესისა, უკრაინელებს წარმატების მიღწევის დიდი იმედი აქვთ, რადგან მათ სასარგებლოდ სტატისტიკა მეტყველებს, რაც ძირითად შემთხვევაში ამ თაობის ქართველ ფეხბურთელებს ნაკლებად აინტერესებთ - სწორედ მათი მეშვეობით ბევრ უხერხულ მეტოქესთან დაგვისრულებია უიღბლო სერია და ნანატრი გამარჯვება მოგვიპოვებია. ანალოგიური განწყობაა ვილი სანიოლის გუნდის ბანაკში უკრაინელების შემთხვევაშიც და რამდენად შეძლებენ ისინი მორიგი დიდი მიზნის მიღწევას, მალე გავიგებთ. იქამდე კი წარსულს თვალი გადავავლოთ და გავიხსენოთ მომავალ მოწინააღმდეგესთან გამართული წინა 9 თამაში.
საწყის ოთხ შემთხვევაში სანაკრებო დონეზე უკრაინელებისა და ქართველების გზები ამხანაგურ მატჩებში გადაიკვეთა. 1998 წლის 19 აგვისტოს მეტოქემ საკუთარ მოედანზე 4:0 გვაჯობა. მაშინ დუბლი უკრაინელების ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა შეასრულა, თითოჯერ კი ნიკოლოზ ტოგონიძის კარი სერგეი სკაჩენკომ და სერგეი კოვალიოვმა აიღეს. 1999 წლის 20 მარტს გუნდები ისევ სპარინგის ფარგლებში ამჯერად უკვე თბილისში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე სტუმრებმა 1:0 სერგეი კონოვალოვის გოლით მოიგეს. ამ შეხვედრაში „ჯვაროსნების“ მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ გუცაევი გახლდათ, ხოლო კარს „თელავის“ ამჟამინდელი დირექტორი სოსო გრიშიკაშვილი იცავდა. 2001 წლის 14 თებერვალს თბილისში, გუცაევი-ყიფიანის დუეტის ვალერი ლობანოვსკისთან სამწვრთნელო დუელი ნულოვანი ფრით დასრულდა. სამაგიეროდ, უკრაინელებმა ხასიათი საკუთარ სტადიონზე გამოიკეთეს და 2002 წლის 17 აპრილს 2:1 ისევ სერგეი რებროვისა და ანატოლი ტიმოშჩუკის გოლებით გვაჯობეს, რასაც ჩვენი გუნდის რიგებში ზუსტი დარტყმით ლადო ბურდულმა უპასუხა.
2004-2007 წლებში საქართველოსა და უკრაინის ნაკრები გუნდები ჯერ 2006 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ხოლო შემდეგ ევრო 2008-ის შესარჩევ ციკლში დაუპირისპირდნენ. ლვოვში, „კარპატი სთედიუმზე“ ოლეგ ბლოხინის საკმაოდ ძლიერმა გუნდმა 2004 წლის 17 ოქტომბერს ოლექსანდრ ბელიკისა და ანდრეი შევჩენკოს გოლებით 2:0 გვაჯობა. 2005 წლის 3 სექტემბერს კი რუსლან როტანის გატანილ ბურთს, გოგა გახოკიძემ უპასუხა და მეტოქეებმა ქულები გაიყვეს. ამ ფორმაციის უკრაინის ნაკრები მართლაც ძალიან ძლიერი რომ იყო, გერმანიაში ჩატარებულ მუნდიალზეც დადასტურდა, სადაც ისინი მეოთხედფინალამდე გავიდნენ.
განსხვავებული ანგარიშები დაფიქსირდა, თორემ უკრაინამ საქართველოსთან 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლშიც 4 ქულა აიღო. 2006 წლის 6 სექტემბერს, კიევის ოლიმპიურ სტადიონზე დაძაბული, საინტერესო და უხვგოლიანი მატჩი შედგა. მასპინძლები 31-ე წუთზე შევჩენკომ დააწინაურა, რასაც ზუსტად შვიდ წუთში შოთა არველაძემ უპასუხა. მე-60 წუთზე ქართველები წინ გიორგი დემეტრაძემ გაიყვანა, მაგრამ ზუსტად ერთ წუთში რუსლან როტანმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო გამარჯვების გოლი მე-80 წუთზე ანდრეი რუსოლის ანგარიშზეა. მომდევნო წლის 8 სექტემბერს უკრაინელები თბილისში ოლეგ შელაიევის მიერ მე-7 წუთზე გატანილი ბურთით თითქმის მთელი თამაში გვამარცხებდნენ, მაგრამ 89-ეზე დავით სირაძემ გაათანაბრა და ქართველებს ქულა გადაურჩინა.
საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების უკანასკნელი შეხვედრა კი 2015 წლის 9 ივნისით თარიღდება, რომელშიც მეტოქემ 2:1 გაიმარჯვა, ხოლო ქართველებიდან ეს მატჩი ყველაზე კარგად მათე ვაწაძეს უნდა ახსოვდეს, რომელმაც სანაკრებო კარიერაში გატანილი 4 გოლიდან ერთი სწორედ ამ თამაშში მიითვალა, მეტოქე გუნდის რიგებში კი თავი არტიომ კრავეცმა და ევგენი კონოპლიანკამ გამოიჩინეს.
ახლა, როდესაც საქართველოს ნაკრებს მარტივად ევროპული გრანდებიც ვეღარ ამარცხებენ, ყველაზე კარგი მომენტია ამ უსიამოვნო 9-მატჩიანი მოუგებელი სერიის დასრულებისთვის და ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები გულშემატკივართა კიდევ ერთხელ გასახარად ძალ-ღონეს არ დაიშურებენ.