რონალდუს და იბრას კვალში - ლევანდოვსკის ფანტასტიური მიღწევა
36 წლის რობერტ ლევანდოვსკი სოლიდურ საფეხბურთო ასაკში ყოფნის მიუხედავად, შესანიშნავ ფორმაშია და „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელად ჰანს-დიტერ ფლიკის დანიშვნის შემდეგ, წარმოუდგენელი სტატისტიკა აქვს. მიმდინარე სეზონში პოლონელმა ფორვარდმა ლა ლიგის ცხრა ტურში უკვე 10 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება მოასწრო და ბომბარდირთა დავაში უახლოეს მდევარს, „ვილიარეალის“ თავდამსხმელს აიოსე პერესს უკვე 4 ბურთით უსწრებს.
ამაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კი სხვა ფაქტია - ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით, 30 წელს შემდეგ ასაკში ლევანდოვსკის 184 გოლი აქვს გატანილი და ამ მხრივ ისტორიაში მხოლოდ ორ მოთამაშეს, ზლატან იბრაჰიმოვიჩსა (191) და კრიშტიანუ რონალდუს (207) ჩამორჩება. პოლონელის შემდეგ კი ანტონიო დი ნატალე (162) და ლიონელ მესი (156) მოდიან.
პრიმერადივიზიონის შარშანდელი გათამაშება ლევანდოვსკიმ 19 გოლით დაასრულა, წელს კი 9 ტურში როგორც უკვე მოგახსენეთ, 10 ბურთის გატანა მოასწრო. სანაკრებო პაუზის შემდეგ, „ბარსა“ ესპანეთის ჩემპიონატში „სევილიას“, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში „ბაიერნს“ უმასპინძლებს, რასაც უკვე 26 ოქტომბერს მადრიდში გასამართი „ელ კლასიკო“ მოჰყვება.