დეშამი გაოცებულია - მბაპეს ვილიარეალთან არ უნდა ეთამაშა
ესპანეთის ლა ლიგის უკანასკნელ ტურში „ვილიარეალთან“ (2:0) შეხვედრა კილიან მბაპემ „რეალის“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და კარლო ანჩელოტიმ 71-ე წუთამდე ათამაშა, რითაც საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი გაოცებულთან ერთად, გაბრაზებული დარჩა. საქმე იმაში გახლავთ, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს სამეფო კლუბიდან დაუკავშირდნენ და სთხოვეს მბაპე ოქტომბრის მატჩებისთვის არ გამოეძახათ, რათა მისთვის ტრავმისგან ბოლომდე განკურნების საშუალება მიეცათ.
დეშამმა ანჩელოტის თხოვნა გაითვალისწინა და ეროვნული გუნდის კაპიტანი განაცხადში არ შეიყვანა, თუმცა საპასუხოდ მიიღო ფეხბურთელის ჯანმრთელობის სრული იგნორირება, რის გამოც მადრიდელებისგან პასუხის გაცემას ითხოვს. ფრანგული პრესა კი, „ბლანკოსის“ შეფების გარდა, თავად კილიანსაც აკრიტიკებს და იწერება, რომ ნაკრების კაპიტანს მუდამ პრინციპული პოზიცია უნდა ჰქონდეს და რომ მისთვის პრიორიტეტს ყოველთვის თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის დახმარება წარმოადგენდეს.
უეფას ერთა ლიგის III-IV ტურის შეხვედრებს „სამფეროვნები“ სტუმრად ბელგიისა და ისრაელის ნაკრებთან გამართავენ და იქიდან გამომდინარე, რომ ანტუან გრიზმანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, ხოლო მბაპე ზემოთ ნახსენები მიზეზის გამო არ იქნება, წესით, თავდასხმის ხაზში ძალიან უნდა გაუჭირდეთ.