„საქართველოს მხოლოდ ასე დავამარცხებთ“ | უკრაინის ექს-ფორვარდი
უკრაინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ანდრეი ვორობეიმ უკრაინულ Sport.ua-სთან ინტერვიუს დროს საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებთან გასამართ მატჩზე ისაუბრა .
რას ამბობს ვორობეი:
„საქართველო და ჩეხეთი რთული მეტოქეები არიან. ქართველები ახლა ძალიან საინტერესო და ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ, ამიტომ მათ წინააღმდეგ თამაში რთული იქნება. მაგრამ ვფიქრობ, რომ ფეხბურთელები კარგ მორალურ მდგომარეობაში იქნებიან და გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებენ“.
„მიმაჩნია, რომ რებროვმა ასეთ მატჩებში ახალი სახეები უნდა გამოცადოს და შანსი უკრაინის ჩემპიონატიდან გამოძახებულ ბიჭებს უნდა მისცეს. ბევრი ფეხბურთელია, რომელიც უკრაინის პრემიერ ლიგაში კარგად თამაშობს და რატომ არ უნდა მიიღონ მათ შანსი ეროვნულ ნაკრებში? ერთ ფეხბურთელზე ფოკუსირება აუცილებელი არ არის, პირიქით, კონკურენცია უფრო სასარგებლო იქნება“.
„როგორ უნდა მოვიგოთ საქართველოსთან? თუ უკრაინა დაცვაში ჩაჯდება, ბურთს ქართველებს დაუთმობს და სივრცეების გახსნას დაელოდება, ვფიქრობ, ასე არაფერი გამოვა. ბურთი უნდა დავიჭიროთ და აგრესიულად ვითამაშოთ, განსაკუთრებით შეტევაში. რაც უფრო მაღლა ვითამაშებთ, მით მეტი იქნება წარმატების შანსი და მომენტებიც ასე გვექნება. მათ კარს თავიდანვე უნდა დავემუქროთ. ასევე, ფრთხილად უნდა ვიყოთ ქართველების გარემარბებთან და კონტრშეტევაზე არ უნდა გავუშვათ. თავი ორმაგი, ან სამმაგი დაცვით უნდა დავიზღვიოთ, მაგრამ ამას ძალიან დიდი ფიზიკური მომზადებაც სჭირდება. მოთამაშეები ორივე ტაიმისთვის მზად უნდა იყონ, სხვა შემთხვევაში, ვერ მოვიგებთ. მხოლოდ სახელების ხარჯზე ვერ მოვიგებთ, ახლა ფეხბურთი ძალიან გათანაბრდა და მთავარი უპირატესობა არა ინდივიდუალურ თამაშს, არამედ ტაქტიკურ ასპექტსა და გუნდის მომზადებას ენიჭება“.
უკრაინის ნაკრები ერთა ლიგის პირველი ორი მატჩი ჯერ ალბანეთთან, შემდეგ კი ჩეხეთთან წააგო და სატურნირო ცხრილში 0 ქულით ბოლო ადგილზეა, ჯგუფს კი საქართველოს ნაკრები ლიდერობს, რომელმაც პირველ ორ ტურში ჯერ ჩეხეთის, შემდეგ კი ალბანეთის ნაკრების დამარცხება შეძლო.
უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება პოლონეთის ქალაქ პოზნანში, 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.