იოჰან ნეესკენსი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა
ნიდერლანდურმა ფეხბურთმა იოჰან ნეესკენსის სახით ლეგენდა დაკარგა. გუშინ, საღამოს, 73 წლის ვეტერანი მოთამაშე ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის პროექტ WorldCoaches-ის ღონისძიებაზე, ალჟირში იმყოფებოდა და თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც მაშინვე უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაშისას, ნეესკენსი ზედიზედ ორჯერ, 1974 და 1978 წლებში გახდა მუნდიალის ვერცხლის პრიზიორი და ერთ ფინალში არგენტინელებთან გოლის გატანაც შეძლო. მსოფლიოს ჩემპიონატების შუალედში კი მან თანაგუნდელებთან ერთად 1976 წლის ევროპის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ტიტულების ნაკლებობას ლეგენდარული ნიდერლანდელი არც საკლუბო დონეზე უჩიოდა - მან „აიაქსის“ შემადგენლობაში ასპარეზობისას ჩემპიონთა თასზე 3-ჯერ გაიმარჯვა, ხოლო „ბარსელონაში“ გადასულმა თითოჯერ ესპანეთის სამეფო თასი და თასების მფლობელთა თასი მოიპოვა.