პლატინი, ობამეიანგი და ზურიკო | დავითაშვილის ბრწყინვალე მიღწევა სენტ-ეტიენში
საფრანგეთის ლიგა 1-ის მეშვიდე ტურში, ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ „ოსერს“ შეხვდა. ქართველმა გარემარბმა ფენომენალური მატჩი ჩაატარა, ჰეთ-თრიქი შეასრულა და მისმა გუნდმა 3:1 მოიგო.
დავითაშვილის 30-ე ფეხბურთელია, რომელმაც ლიგა 1-ის ეგიდით, „მწვანეების“ მაისურით ჰეთ-თრიქი გაიფორმა. მის გარდა, „სენტ-ეტიენის“ ისტორიაში მსგავსი შედეგი ისეთ მოთამაშეებს დაუფიქსირებიათ, როგორებიც მიშელ პლატინი, დიმიტრი პაიე, ლორან ბლანი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი და ალექს დიასი არიან.
საინტერესოა, რომ ბოლოს, ლიგა 1-ში, „სენტ-ეტიენის“ მაისურით, ერთ თამაშში 3 გოლი ვაჰბი ხაზრიმ გაიტანა - 2021 წლის აპრილში, „ბორდოს“ წინააღმდეგ. 21-ე საუკუნეში, მსგავსი შედეგი მხოლოდ პაიეს, დიასს, ობამეიანგსა და რომეინ ჰამუმას დაუფიქსირებიათ. ბოლო ფეხბურთელი, ვინც „მწვანეების“ ქომაგები ერთ თამაშში სამჯერ გაახარა, ჟან-ფილიპ კრასო გახლავთ, რომელმაც 2022 წლის აგვისტოში, ოღონდ ლიგა 2-ში, „ბასტიას“ პოკერი შეუსრულა.
ცნობისთვის, დავითაშვილისთვის „სენტ-ეტიენში“ ეს მეშვიდე მატჩი იყო და სამ გოლთან ერთად, მის ანგარიშზე 2 შედეგიანი გადაცემაა. „მწვანეებს“ 7 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციას იკავებენ.