მწვრთნელი თანამედროვე ხელწერით - გიორგი ჭიაბრიშვილი იუბილარია
„საბურთალოს„ ახლა კი უკვე „იბერია 1999“-ის ხელმძღვანელები, მას შემდეგ რაც ამ გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა, გამუდმებით აღნიშნავდნენ, რომ ისინი ყველაზე კარგ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდნენ ელიტაში ასე იოლად და ადრე აღზევებას და მათთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო კლუბის Crystalbet ლიგაში დაწინაურება.
სიურპრიზის ავტორისა და მთავარი შემოქმედის ვინაობას როდესაც გეტყვით, მაშინვე მიხვდებით, რომ „საბურთალოს“ იმდროინდელი წარმატება არც სიურპრიზი იყო და არც შემთხვევითობა, რადგან ამ გუნდს ამზადებდა გიორგი ჭიაბრიშვილი, რომელმაც საკუთარი საფეხბურთო ცოდნით ქართული საზომებით უკვე დიდი ხანია დროს გაუსწრო და რის გასაკეთებლადაც სხვები ათწლიან მუშაობას თვლიდნენ საჭიროდ, მას მუდამ ერთ წელიწადში გამოსდიოდა.
ახლა, როდესაც საქართველოს ნაკრები აღმავლობის გზაზეა, ხოლო საკლუბო ფეხბურთი, სადაც ჭიაბრიშვილმა პრაქტიკულად მთელი სამწვრთნელო კარიერა გაატარა, ამ წარმატებებს ფეხს ვერ უწყობს, მისი კლასისა და შესაძლებლობების მქონე სპეციალისტის უმუშევრად ყოფნა, რბილად რომ ვთქვათ უსამართლობაა, მაგრამ გიორგი თავის მეგობრებთან ერთად არ ჩერდება და სხვა, კიდევ უფრო განსხვავებულ ამპლუაში ცდილობს ამ ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავლის ძიებას, რაშიც ქართული საკლუბო ფეხბურთია ჩავარდნილი.
მან და მისმა მეგობრებმა ცოტა ხნის წინ ქართული ფეხბურთოს პროფკავშირი დააარსეს, სადაც ყველა პრობლემაზე ღიად საუბრობენ, მაგრამ ბუნებრივია, ფეხბურთის თითოეული გულშემატკივარისთვის წარმოუდგენელია გიორგი ჭიაბრიშვილი სამწვრთნელო საქმის გარეშე და ეს პოზიცია რომ მას ყველაზე მეტად უხდება, იმ უამრავი წარმატებიდანაც კარგად ჩანს, რომელიც მან მოგვიტანა.
გიორგის ბიოგრაფიის შესახებ ზედმეტად ბევრი საუბარი არ ღირს, რადგან ქართული ფეხბურთის გულშემატკივარმა მის შესახებ ყველაფერი გადასარევად იცის. იცის და ახსოვთ, მის მიერ მომზადებული ერთი შეხედვით მოკრძალებული ფინანსური შესაძლებლობების საქართველოს კლუბების, ღირსეული თამაში „ბრიუგეს“, „შტურმის“, „შერიფისა“ და „დინამო მოსკოვის“ კალიბრის გუნდებთან. თითოეული წარმატებისა თუ ისეთი გამარჯვების შემდეგ, რომელსაც ნებისმიერი, ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ქომაგიც კი შეუძლია ეიფორიაში ჩააგდოს და ცოტათი მაინც რეალობას მოსწყვიტოს, ჭიაბრიშვილი მატჩამდე და მატჩის შემდგომ გამართულ პრეს კონფერენციებზეც გამუდმებით იმეორებდა, რომ ეს გამარჯვებები იყო იმ უშრეტი ნიჭის დამსახურება, რომელიც ქართველებში ზის და საიმისოდ, რომ ეს ყველაფერი სისტემატიური გამხდარიყო, უფრო მეტი ფინანსები და ყურადღება იყო აუცილებელი.
სამწუხაროდ ხშირად ხდება, რომ ჭკვიან და თავისი საქმის მცოდნე ადამიანს ნაკლებს უსმენენ. არც ჭიაბრიშვილს მოუსმინეს და ახლა ყველას სანატრელი გვაქვს ევროპულ საკლუბო ტურნირებზე მისი მწვრთნელობის დროინდელი წარმატებები. Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის ნებისმიერი კლუბის მხრიდან ერთი საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვასაც მიღწევად მივიჩნევთ და იმ კოეფიციენტს ვუფრთხილდებით, რომ შემდეგ სეზონში კვოტა არ შეგვიმცირდეს.
კვოტისა და შანსების შემცირების თავიდან ასაცილებლად კი შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი იყოს ჭიაბრიშვილის კლასის სპეციალისტის ჩართულობა და იმ სადავეებთან დაბრუნება, რომელსაც ის მუდამ კარგად მართავდა. დღეს გიორგი ჭიაბრიშვილის დაბადების დღეა - მას 45 წელი შეუსრულდა და ჯანმრთელობისა და წარმატებების გარდა, სამწვრთნელო საქმიანობაში მალე დაბრუნებას ვუსურვებთ, რითაც ყველზე მეტად მოგებული ისევ და ისევ ქართული ფეხბურთი დარჩება.